მოვუწოდებთ მთავრობას და ოპოზიციას, განსხვავებები გვერდით გადადონ და 12 რეკომენდაცია შეასრულონ – მაკალისტერი

“მოვუწოდებთ მთავრობას და ოპოზიციას, პოლიტიკური განსხვავებები გვერდით გადადონ და 12 რეკომენდაცია შეასრულონ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერი საუბრობს, რომელიც ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება და შეხვედრებს მართავს.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ევროსაბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, ახლა საკითხავია როდის მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი, წინ ბევრი სამუშაო გაქვთ, ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად პოლიტიკურ სპექტრს, მთავრობას და ოპოზიციას პოლიტიკური განსხვავებები გვერდით გადადონ და შეასრულონ 12 რეკომენდაცია, თქვენ დრო წლის ბოლომდე გაქვთ.

როცა საქმე ეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ, ევროკავშირმა მკაფიოდ და ღიად ვთქვით, რომ რუსეთის ომი უკრაინაში არის გაუმართლებელი, უკანონო და ბარბაროსული აგრესია, ამიტომაც მაქსიმალურ ზეწოლას ვახორციელებთ რუსეთის ფედერაციაზე. არასოდეს ევროკავშირს ან მის წევრ სახელმწიფოებს არასოდეს უთხოვიათ, რომ საქართველო ჩაერთოს ომში, ეს არის აშკარა ნონსენსი. პირიქით, ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ დიპლომატიური გზები, რომ გავაძლიეროთ ზეწოლა კრემლის რეჟიმზე, და ბოლოს – საქართველომ იცის რას ნიშნავს რუსული აგრესია, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მოგისმინოთ და გავიგოთ, რა გეგმა აქვს მმართველ გუნდს მომდევნო თვეების განმავლობაში, ევროკომისიამ უკვე გითხრათ რა არის გასაკეთებელი, საბოლოო ჯამში ყველაფერი საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზეა, ეს მხოლოდ მმართველ გუნდს არ ეხება, ეს ეხება ოპოზიციასაც.

მინდა გულითადად გადავუხადო მადლობა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, იმ შესანიშნავი სამუშაოსთვის, რომელიც მან აქ გასწია, დარწმუნებული ვარ ის ასევე გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, – ამბობს მაკალისტერი.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა
შემდეგი სტატიასამწუხაროდ, მოვისმინე ანტიდასავლური რიტორიკა… მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ მათი პარტნიორები ვართ – კრამონი