მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა

ჩვენ მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიმართვაში.

პატრიარქი მიმართვას ბორჯომში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებს.

„ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა სტიქურმა უბედურებებმა განსაკუთრებით კი ბორჯომის ხეობაში მომხდარმა ხანძარმა საქართველოს მოსახლეობის დიდი შეშფოთება და გულსტკივილი გამოიწვია. ცეცხლის არაერთი კერა გაჩნდა გუშინაც…

მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლების, მეხანძრეების, მაშველებისა და საზოგადოების დიდი ძალისხმევით ამ მოვლენებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესია ზარალი, რაც ქვეყანას მიადგა. გაჭირვების ჟამს არაერთი სახელმწიფო დაგვეხმარა და ბევრმაც გამოთქვა დახმარების სურვილი, რისთვისაც საქართველოს ეკლესიის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით მათ.

მორწმუნე ადამიანი განსაცდელს ლოცვით ხვდება და სასოებს ღვთის მოწყალებაზე.
ჩვენც მოვუწოდებთ მრევლს და სასულიერო პირებს, გააძლიერონ ლოცვა მარიამობის მარხვაში და საერთოდ, ვიდრე პრობლემები არ გადაივლის, კერძოდ, სასულიერო პირებს ეძლევათ კურთხევა თავის ყოველდღიურ კანონთან ერთად, იკითხონ სახარება, ხოლო მორწმუნე ერმა შეძლებისამებრ ფსალმუნები და ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მოწყალებისა კარი განგვიღე…“

შევთხოვთ უფალს, დაიცვას და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. განსაკუთრებით ვლოცავ ბორჯომის ხეობის მოსახლეობას და განსაცდელში მყოფ ყველა ადამიანს. ჩვენმა ერმა არაერთხელ აჩვენა ჭირსა შინა სიმხნევისა და გაუტეხლობის მაგალითი და მჯერა, უფლის შეწევნით, ეს მომავალშიც ასე იქნება. ღმერთმა გაგამტკიცოთ და განგაძლიეროთ“, – ნათქვამია ილია მეორის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა
შემდეგი სტატიასოფელ დაბას მიმდებარე ფერდობებზე ნახანძრალი ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე კვლავ ცეცხლი გაჩნდა