„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, მოვუწოდებთ საელჩოებს ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს“ – საპატრიარქო ლგბტქი პრაიდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2019 13:10

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, მოვუწოდებთ საელჩოებს ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს“ – საპატრიარქო ლგბტქი პრაიდის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მიმართავს.

“როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.

ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას” – აღნიშნულია განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 14, 2019 13:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics