მოვუწოდებ უმრავლესობას, ეყოთ გამბედაობა, რომ შალვა პაპუაშვილმა ითავოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობა – დეკანოიძე

მოსახლეობის განწყობას შეხედეს და ამიტომ მიიღეს უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება, მათ დაინახეს უარყოფითი განწყობა განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, რომელმაც ალბათ, ყველასთვის შეურაცმყოფელი განცხადება გაუგზავნა სტეფანჩუკს,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ დელეგაციას შალვა პაპუაშვილმა უნდა უხელმძღვანელოს. დეკანოიძის თქმით, ვინ წავა მათი ფრაქციიდან, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

” ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად ხელისუფლების, უმრავლესობის მიმართ, ის, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ჩავიდეს უკრაინაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ საქართველოს მოსახლეობის განწყობას შეხედეს, რომლის უდიდესი ნაწილი უკრაინაში ომს თვლის საკუთარ ომად და სწორედ ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მათ დაინახეს უარყოფითი განწყობა განსაკუთრებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, რომელმაც ალბათ, ყველასთვის შეურაცმყოფელი განცხადება გაუგზავნა სტეფანჩუკს. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ვიზიტი, ვნახოთ როგორი ფორმატი იქნება, ვინ წავა, მე ვთვლი, რომ პაპუაშვილი უნდა წავიდეს, მნიშვნელოვანია მისი ჩასვლა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითონ მიიღო მიწვევა. ამიტომ მოვუწოდებ უმრავლესობას, ეყოთ გამბედაობა, რომ პაპუაშვილმა ითავოს დელეგაციის ხელმძღვანელობა. ჩვენ ვიმსჯელებთ ამაზე ვინ წავა ჩვენი ფრაქციიდან, ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენი ფრაქციიდან უნდა იყოს წარმომადგენელი,”- განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებებს და აღნიშნა, რომ კობახიძე არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც ულტიმატუმი უნდა წაუყენოს უკრაინას, განსაკუთრებით რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე.

“მე არ ვთვლი და ვურჩევდი ირაკლი კობახიძეს, ის არ არის ის პოლიტიკური ფიგურა, რომ რაიმე ულტიმატუმი წაუყენოს უკრაინას, განსაკუთრებით ძალიან უხერხულია ულტიმატუმის წაყენება მაშინ, როცა უკრაინა იმყოფება უმძიმესი დატყმის პირობებში და ვხედავთ გენოციდს რუსეთის მხრიდან. ამიტომ ძალიან ცუდია, როცა პოლიტიკოსი მხოლოდ თავის თავს ესაუბრება, კობახიძე არ არის ის ფიგურა და საერთოდ “ქართული ოცნება”, რომელიც რაიმე ულტიმატუმს აყენებდეს,”- განაცხადა დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს სამხედრო დანაშაულს ჰგავს, რაც აქ ხდება საშინელი განაჩენია ჩვენი სამყაროსთვის – გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ბუჩაზე
შემდეგი სტატიაარ ვაპირებთ იზოლირებას, რუსეთის იზოლირება შეუძლებელია – პუტინი