“მოვუწოდებ თამარს, რომ უფრო კორექტული იყოს, პოლიტიკური კეკლუცობა საჭირო არ არის”

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ”რესპუბლიკელ” თამარ კორძაიას კორექტულობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პარლამენტში ყველამ გულწრფელად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და პოლიტიკური კეკლუცობა საჭირო არ არის.

,,მე მოვუწოდებ თამარს, რომ კოლეგების მიმართ და პარლამენტში მიმდინარე განსახილველი საკითხების მიმართ უფრო კორექტული იყოს. თუ ეს პროცესი მიაჩნა მას უსაქმურობის დემონსტრირებად, მაშინ როდესაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ჩანაწერის გაკეთება კონსტიტუციაში კარგი იქნება, ეს ნიშნავს, რომ შეურაცხმყოფელი ფორმით მივმართავთ იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი კარგია. მეტი კორექტულობა იქნებოდა უკეთესი. მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან გულწრფელად უნდა გამოხატოს თავის პოზიცია და აქ პოლიტიკური კეკლუცობა საჭირო არ არის. არ სჭირდება ამას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი. მე მგონი ყველას უნდა ეყოს პოლიტიკური გულწრფელობა, რომ საკუთარ ამომრჩეველს უთხრას – რას ფიქრობს ამ საკითხზე. ჩვენი პოზიცია პრინციპულია და კენჭისყრა წარმოაჩენს, ვის რა პოზიცია და ვის რა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხისადმი“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი თამარ კორძაია ქორწინების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ”აბსოლუტურად არასაჭირო კანონპროექტს” უწოდა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის რაც ხდება პარლამენტში არის უსაქმურობა.

banner
წინა სტატიაშიG7 ივნისში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს
შემდეგი სტატიამედვედევი სასურსათო ემბარგოს 2017 წლამდე გააგრძელებს