“მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ” – კობახიძე

დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. ​

„არ მინდოდა დღეს სამთავრობო ცვლილებებზე მესაუბრა, რომელიც ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც იმართება დღევანდელი კონფერენცია, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ თავს მოვალედ მივიჩნევ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ. საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სახელმწიფო იმართება ამ სტანდარტების შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის სტაბილური განვითარება და სამთავრობო ცვლილებები პირობებში ჩვენთვის მთავარია სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული ვითარებიდან გადახვევას, რომელიც აიღო ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის გარდატეხის შემდეგ. შეგახსენებთ, რა არის ამ პროგრესის კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. 2012 წლამდე შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანა იმართებოდა ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით. ჩვენ ეს შევცვალეთ რადიკატულად, რისი შედეგიც არის ის, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში დამკვიდრდა საპარლამენტო დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა და საქართველოში რადიკალურად დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი, რასაც მოწმობს ის მდგომარეობა, რაც იყო შექმნილი სასჯელაღსრულების სისტემაში მაგალითად რაც არის შექმნილი 2012 წლის შემდეგ.

„ჩვენ გვაქვს დრამატული პროგრესი, როგორც დემოკრატიის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეს პროგრესი მიღებული იქნა ქართული ოცნების მიერ სხვადასხვა მთავრობის პირობებში ეკონომიკის თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა გასული წლების განმავლობაში. საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის ტემპით, რაც არის „ქართული ოცნების“ კარგად გააზრებული პოლიტიკის შედეგით. სოციალური პოლიტიკა, ამ კუთხით გვაქვს ფუნდამენტური ცვლილებები, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ორჯერ მეტად გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი, რაც ნიშნავს მოსახლეობის უკეთესად დაცვას სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც არის ფუნდამენტური წინსვლა და პროგრესი. სტაბილურობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით 2012 წლიდან რადიკალურად გაიზარდა სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხარისხი. საქართველოს აქტიურად არის ჩართული გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვართ მცირე, თუმცა ვართ ამბიციური ქვეყანა და გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ უსაფრთხოებაში. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება, საგარეო პოლიტიკა, ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი პოლიტიკური ძალის დამსახურება სხვადასხვა მთავრობებში. „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პირობებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად დაასახელებს საპარლამენტო უმრავლესობა. მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ და აღვნიშნავ, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიუნდა დამთავრდეს ეს მასკარადი, როცა პრემიერები გაუგებარი მიზეზებით მიდიან – მარგველაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : ჩემი განწყობაა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იყოს