“მოვუწოდებ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ფაქტზე მოქალაქეთა დაკავებას ეხმაურება.

“საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 მოქალაქის დაკავების შესახებ.

იმისთვის, რათა არ მოხდეს მრავალი პირის პასუხისგებაში მიცემა და დაცული იქნას მათი უფლებები, სახალხო დამცველს საჭიროდ მიაჩნია შეახსენოს საზოგადოებას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571 და 158-ე მუხლებით აკრძალულია პირადი ცხოვრებისა და კერძო შინაარსის კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, მობილური ტელეფონით ან სხვა ონლაინ საშუალებით) უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება (მათ შორის, სოციალურ ქსელებში, პირადი საკომუნიკაციო არხებით) ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარად უზრუნველყოფა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ჩანაწერების გავრცელებისგან და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელების მიზნით.

აქვე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, განახორციელოს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები კადრების გავრცელების ორგანიზატორთა დასადგენად.

ამავდროულად მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ აქტიური პრევენციული კამპანია, რომელიც აუხსნის მოქალაქეებს მათ ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ საკომუნიკაციო საშუალებებში ფარულ კადრებს მიიღებენ, რათა თავიდან ავიცილოთ მათ მიერ დანაშაულში უნებლიე თანამონაწილეობა” – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიგაფიქრებაც კი მზარავს, რომ შვილი მომიკლეს – დედის ემოციური წერილი სასამართლო პროცესზე
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელება – ეკა ბესელია შს მინისტრის მოადგილეს შეხვდა