ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლები ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ ევროპული ღირებულებებისა და ცნობიერების მნიშვნელოვან როლს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებების ფორმირებაში. ჩვენი პასუხისმგებლობაა ხელი შევუწყოთ ამ ღირებულებების დამკვიდრებას.
კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ ძალადობას. ვგმობთ ყველა იმ ქმედებასა თუ გადაწყვეტილებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალს.
მოვითხოვთ, უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლება და ქვეყნის განვითარება დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ კურსს; კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.” ნათქვამია განცხადებაში, რომელზეც ხელმოწერები ამ დრომდე გროვდება.