“დღეს ჩვენ ცესკოსგან მოვითხოვეთ კომპანია “სმარტმატიკითან” [კომპანია, რომლის აპარატებითაც არჩევნები ჩატარდა] გაფორმებული კონტრაქტის გადმოცემა და ყველა ის ცვლილებები, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რომ ეს გახდეს საჯარო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს” – განაცხადა “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე და დააზუსტა, რატომ აქვს მნიშვნელობა კონტრაქტს პირობების გასაჯაროებას.
როგორც გახარია ამბობს, მათ ცესკოს მიმართეს 2 მილიონ 76 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ შეამოწმონ სად და რომელ საათზე მისცეს ხმა. გახარიას თქმით, ეს ბაზები ამჟამად ცესკოს განკარგულებაშია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ დროს წაიშალოს, რასაც შემდეგ სავარაუდოდ, “სმარტმატიკთან” გაფორმებული კონტრაქტით ახსნიან. ამიტომაც, გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე გასაჯაროვდეს ეს ინფორმაცია.