მოვისმინე უამრავი აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე

მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, სადაც ის რუსეთის ფედერაციისადმი მისი მიმართვის საკითხზე გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.
“მინდა, კიდევ ერთხელ შევეხო იმ უმძიმეს ფაქტს, რომელიც ცხინვალში მოხდა. მოგეხსენებათ, ამ მძიმე ფაქტს ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა და ორი ადამიანი დააპატიმრეს უკანონოდ. ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა ჩარეულიყვნენ ამ პროცესში. ასევე, მე სპეციალური განცხადებით მივმართე რუსეთის ფედერაციას. დღესდღეობით ასეთი სიტუაცია გვაქვს – ჩვენი ორი მოქალაქე გათავისუფლებულია და ისინი ოჯახებს დაუბრუნდნენ, რაც უდავოდ კარგია. სამწუხაროდ, ამ მომენტამდე ვერ მოხდა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება და ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე უამრავი ძალიან აბსურდული შეფასება იმ განცხადებისა, რომელიც მე გავაკეთე. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როდესაც საუბარია ძალიან მძიმე პროვოკაციების თავიდან აცილებაზე და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაზე, ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ამ დროს, რათა დაძაბულობა შევანელოთ, თუნდაც ეს გადიოდეს ჩვენი საკუთარი ნიბიჯის ხარჯზე და ხაზზე. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან არაჯანსაღი გარემო, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, როდესაც ჩვენ პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის საზომად ჩვენი განცხადებების სიმწვავე ვაქციეთ, არის ძალიან დამაზიანებელი. ამ გარემოს შეუძლია, უბიძგოს პოლიტიკოსებს, გადადგან ისეთ ნაბიჯები, რომლებიც გამოუსწორებელ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უნდა ვეცადოთ, მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენ ქვეყნის ინტერესების განუხრელი, თანმიმდევრული დაცვა, იმ მანდატის აღსრულება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგვანიჭა და ქვეყანაში სტაბილური ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. ეს იყო, არის და იქნება ჩვენი უმთავრესი მიზანი და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთის პასუხი ტოვებს სივრცეს საუბრისათვის,” – კვირიკაშვილი მის მიმართვაზე ოფიციალური რუსეთის პასუხს აფასებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა დავით სერგეენკოს მიმართა, ფსიქიატრიულებში არსებული მდგომარეობით მაქსიმალურად დაინტერესდეს