“მოვისმენ, რაც სახალხო დამცველთან აქვს სათქმელი” – ლომჯარია აფგან მუხთარლის შეხვდება

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის პირადად შეხვდება. ლომჯარიას თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და წლებია უკვე სახალხო დამცველის ანგარიშებშიც ხვდება.

“საქმე, რომელიც არაა გამოძიებული და დასრულებული, ესაა საქმე, რომელსაც ჰქონდა და აქვს უზარმაზარი საერთაშორისო რეზონანსი, შესაბამისან მე ვგეგმავ პირადად შევხვდე აფგან მუხთარლის და მისგან მოვისმინო უშუალოდ ის სათქმელი, რაც აქვს სახალხო დამცველთან”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დღეს გენერალურ პროკურატურაში იმყოფებოდა. უწყებიდან გამოსულმა ჟურნალისტებთან საუბარისას თქვა, რომ მას პროკურატურაში თურქული ენის თარჯიმანი დაახვედრეს. მისივე ინფორმაციით, პროკურატურაში დაკითხვა ხვალამდე გადაიდო.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად 2021 წლის 7 აპრილს შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

თავად აფგან მუხრთალის თქმით, მისი გატაცება “აზერბაიჯანული მხარის შეკვეთა იყო, ივანიშვილმაც და კვირიკაშვილმაც (იცოდნენ)”.

გატაცების მიზეზად ჟურნალისტი თავის საქმიანობას და ილჰამ ალიევის ბიზნესის შესახებ გამოძიებას ასახელებს.

მუხთარლის აზრით, აზერბაიჯანის ხელისუფლება თავის რეპუტაციაზე არ ფიქრობს, ხოლო ქართული მხრიდან მისი გატაცების დაშვება “ძალიან ცუდი მოვლენა” იყო. ჟურნალისტი იხსენებს, რომ მის გამტაცებლებს კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, ტელეფონზე საუბრისას ქართულად ლაპარაკობდნენ და გატაცებისას სცემეს. მუხთარლი ამბობს, რომ გამტაცებლები ან მათი ფოტოები რომ ნახოს, იცნობს მათ.

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა და მერკელმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული მდგომარეობა ტელეფონით განიხილეს
შემდეგი სტატიამალხაზ თორია: აბაშის სოფელ მარანსა და ტყვირში მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს