ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი {„ქართული ოცნება“} არჩევნებზე გავანადგუროთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ. 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღეს განიხილავს.
მისივე თქმით, „ვეტოს არ დაძლევის შანსი და ალბათობა ძალიან დაბალია, დამოკიდებულია შეეშინდებათ თუ არა ვიღაცებს სანქციების“.
„ის, რომ სინდისი, მორალი და ღირსება, ნამუსი არ გააჩნიათ, ცხადია. ვეტოს, სავარაუდოდ, დღეს დაძლევენ, ამის შემდეგ 5 თვე გვექნება, რომ კარგად მოვემზადოთ და ოქტომბრის ბოლოს ესენი არჩევნებზე გავანადგუროთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ. 5 თვე სირცხვილში ცხოვრება მოგვიწევს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მასზე თანდართულ კანონპროექტს განიხილავს.
პრეზიდენტის კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მოქმედებს ძალაში შესვლიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში.
სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში მითითებულია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციით გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.