მოუთმენლად ველოდი გამართლებას – სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა – ჯიშკარიანი

სამი წელი გავიდა, სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა, – ამის შესახებ საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტები მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას შეეცადნენ, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს.

„მოუთმენლად ველოდი გამართლებას იმიტომ, რომ ჩვენ ფაქტებით ვისაუბრეთ, ფაქტებით ვიშრომეთ ამდენი ხნის განმავლობაში, სამი წელი გავიდა, სამართალი ურმით დადისო და სამართალმა იზეიმა. პოლიტიკური დისკრედიტაციას, რომელსაც შეეცადნენ ალბათ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ გაერთიანებულები, ნაწილობრივ მიაღწიეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტად გულდაწყვეტილი იმაზე ვარ, რომ ჩვენმა ოჯახმა ძალიან დიდი ნერვიულობა გადაიტანა, მამაჩემმა თვალის ჩინი დაკარგა“, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

სასამართლო პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმაც.

მისი თქმით, ბრალდების მხარემ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ თამთა თოდაძე სიმართლეს საუბრობდა.

„გამამართლებელი განაჩენი რომ დადგებოდა პირველივე წუთიდან ვიცოდი, ვიყავი დარწმუნებული და ეს არის დამაჯერებელი გამარჯვება. თამთა თოდაძე ცრუობდა მთელ ამ პროცესში, იმთავითვე, როდესაც პირველივე განცხადება გააკეთა, იყო სიცრუე. ვამბობდი ყოველთვის, რომ დამტკიცდება, ეს არის ცილისწამება, მიზანმიმართული, შურისძიების მოტივით განხორციელებული ცილისწამება და თავდასხმა ილია ჯიშკარიანზე. ბრალდებამ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, მაგრამ ვერ დაადასტურა, რომ თამთა თოდაძე სიმართლეს საუბრობდა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთზე უცხოური სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კიბერშეტევების რიცხვი გაიზარდა – პუტინი
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ინფორმაციით, დაჭრილი უკრაინელებისა და კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის პოლონეთიდან პირველი საევაკუაციო ფრენა განხორციელდა