მოწმის ჩვენებით, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთ ახალგაზრდას დათა ახალაიამ ესროლა

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ყოფილი სამართალდამცველი ჯონი ჯოხარიძე დაიკითხა. ის 2006 წელს ნავთლუღის ტერიტორიაზე ზონის ინსპექტორი იყო.

სასამართლოზე მიცემული ჩვენების მიხედვიტ, ჯოხარიძე სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილიდან ოდნავ მოშორებით იდგა, დაინახა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაჩერდა რამდენიმე ავტომანქანა. ავტომანქანიდან გადმოვიდა 5-6 ადამიანი და გადმოსვლისთანავე დაიწყეს სროლა.

ჯონი ჯოხარიძე ყვება, რომ დაინახა, თუ როგორ გარბოდა სამი პიროვნება და სწორედ მათ შეყვნენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე ეს იარაღიანი პირები, რომლებიც სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმული.

ყოფილი სამართალდამცველი ყვება, რომ როდესაც მიუახლოვდა ტერიტორიას, უთხრეს, რომ იქ ოპერაცია ტარდებოდა. მოწმე ამბობს, რომ დაინახა, ერთ-ერთ დაცემულ პირზე ნიღბიანმა პირმა როგორ განახორციელა გასროლა. მისივე ცნობით, ეს ნიღბიანი პირი დათა ახალაია იყო.

“პიროვნებები, იქ ვინც ამოვიცანი, იყვნენ დათა ახალაია და გიორგი მაზმიშვილი”,- აღნიშნა მოწმემ.

ასევე ჯოხარიძემ განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მიიტანეს იარაღები და დაალაგეს, რის შემდეგაც მოვდნენ სპეცრაზმელები. ამ სამ პიროვნებას იარაღი არ ქონია.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიასა და გია დგებუაძეს განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ ბრალი წარდგენილი.

banner
წინა სტატიაში(video) დალაი ლამამ ტრამპს დასცინა
შემდეგი სტატია“კიდევ ერთხელ გვინდა გავახსენოთ საზოგადოებას, რომ სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პირსისხლიან რეჟიმს შეეწირა”