მოწმე: ვალერი გელაშვილის ცემაში მონაწილე თითოეულ პირს, კოდუამ პრემიის სახით, 500 დოლარი გადასცა

დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემაში მონაწილე სოდ-ის ყოფილ თანამშრომლებს ერეკლე კოდუამ, თითოეულს პრემიის სახით 500 დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია სოდ-ის თანამშრომლებმა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე დაადასტურეს, სადაც ისინი გელაშვილის ცემის საქმეზე დაიკითხნენ.

შსს-ს სოდ-ის სპეცრაზმის ყოფილმა თანამშრომლის ალექსანდრე ნაჭყებიას განაცხადებით, მან მიიღო დავალება გია სირაძესგან, რომ უნდა გაენეიტრალებინათ ერთი პიროვნება და ეცემათ. ალექსანდრე ნაჭყებიამ კი, როგორც თავად ამბობს, შეკრიბა სპეცრაზმის რამდენინე მებრძოლი და ორი დღის განმავლობაში ქალაქში გადაადგილდებოდნენ.

“მეორე დღეს ოპერატიულ მუშაკს გადმოსცეს, რომ მოგვეძებნა მერსედესის მარკის ჯიპის ტიპის ავტომანქანა, სადაც იმყოფებოდა ობიექტი. ჩვენ შევნიშნეთ ის სანაპიროზე გაჩერდა შუქნიშანთან. ორი ჯგუფით ვიყავით და მოვახდინეთ ბლოკირება. გია სირაძის მანქანა წინ გადაუდგა, ჩვენ უკან ვიდექით. შემდეგ დავიწყეთ დავალების შესრულება, გადმოვიყვანეთ ობიექტი, ვცემეთ ხელებით, ფეხებით და ავტომანქანიდან წამოვიღეთ ნივთები”, – განაცხადა ალექსანდრე ნაჭყებიამ.

მოწმის ჩვენებით, ამ ოპერაციის შემდეგ ოპერატიულმა მუშაკმა გელაშვილის მანქანიდან წამოღებული ნივთები ერთად შეკრიბა და წაიღო. ცოტა მოგვიანებით კი სპეცრაზმელებს უთხრა, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელთან იყვნენ დაბარებულები. სპეცრაზმის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ისინი ერეკლე კოდუას კაბინეტში შევიდნენ, კოდუამ მათ შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მაგიდაზე დალაგებულ თანხაზე მიუთითა, რომ ეს მათი პრემია იყო. სპეცრაზმელების ცნობით თითოეულს 500 დოლარი გადაეცა.

ამ მოწმეების ჩვენებებზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი აცხადებს. რომ მათ სასამართლოზე დაკითხვისას არ უხსენებიათ, რომ ამ ოპერაციის დროს დავალებების გამცემი პირების მიერ რაიმე ფორმით ნახსენები იყო ბრალდებული სააკაშვილი ან მერაბიშვილი. ასევე, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მოწმეები წარსულში სწორედ გელაშვილის საქმეზე იყვნენ პასუხისმგებლობაში მიცემულნი, თუმცა შემდეგ განრიდება მოხდა.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ ეს პირები პროკურატურას მიყვანილი ყავდა უწყებაში, სადაც შეახვედრეს ვალერი გელაშვილს და მათ ბოდიში მოუხადეს, ეს კი ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, უფლებამოსილების გადამეტებაა.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ დაზარალებულთან შეხვედრის სურვილი თავად ყოფილმა სპეცრაზმელებმა გამოთქვეს, ხოლო რაც შეეხება მოწმეების დღევანდელ ჩვენებეებს, დავალებებს, რომელსაც ისინი ასრულებდნენ, სწორედ ექსპრეზიდენტის მხრიდან იყო გაცემული და ამას საქმეზე დაკითხული სხვა მოწმეებიც დაადასტურებენ, მათ შორის სპეცრაზმის იმდროინდელი ხელმძღვანელი და ასევე ხელისუფლების ყოფილი ჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მიხარია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ნაწილი ფაქტობრივად გაემიჯნა იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზეც დანანებით საუბრობს მიხეილ სააკაშვილი”
შემდეგი სტატიაინდოელები მინისტრს საკუთარ თირკმელს მასობრივად სთავაზობენ გადასანერგად