მოთხოვნების, პირობების და წინაპირობების დაყენება არის საკითხის პოლიტიზირება, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება მიხეილ სააკაშვილის – ნაცვლიშვილი

საჭიროა მესამე ნეიტრალური მხარის ჩართვა, რომელიც სამედიცინო ცოდნასა და კომპეტენციაზე დაფუძნებით შეაფასებს პატიმარი პაციენტის მდგომარეობას და ამაზე დაყრდნობით დაიწერება სახელმწიფოს მოქმედების გეგმა, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, მოთხოვნების, პირობების და წინაპირობების დაყენება არის საკითხის პოლიტიზირება, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის.

„ვინ რას ითხოვს, ვის რა ჰგონია სწორი, ვის რა პირობები თუ წინაპირობები აქვს, ეს არის პოლიტიზირება ამ საკითხის. რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება საქართველოს და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეს არის ამ საკითხის პოლიტიზირება. უნდა ვიაროთ სამედიცინო დასკვნების გზით.

ქვეყნის შიგნით გარემოს ასეთი პოლიტიზირებულობა და პოლარიზება, მათ შორის ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით და როცა ყველა მხარეს აქვს თავისი მოსაზრება, მოთხოვნები და წინაპირობები და ა.შ. ეს ჩიხია, ეს არსად წაიყვანს ამ სიტუაციას. საჭიროა მესამე ნეიტრალური მხარის ჩართვა, რომელიც სამედიცინო ცოდნასა და კომპეტენციაზე დაფუძნებით შეაფასებს პატიმარი პაციენტის მდგომარეობას და ამაზე დაყრდნობით დაიწერება სახელმწიფოს მოქმედების გეგმა”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ინიციატივას, რომ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგებიან მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა მოკლებულია, როგორც სამართლებრივ საფუძველს, ასევე შესაძლებლობას, რაიმე ტიპის გამოსავალი მოიძებნოს ამ ვითარებაში. მისივე თქმით, თავდებობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

„ამ ინიციატივას ვერ გავიზიარებ. ჩვენი პოზიცია არის მყარი და ნათელი. საჭიროა, მიუკერძოებელი მესამე მხარის სამედიცინო დასკვნა, რომელიც უნდა გახდეს სახელმწიფოს მხრიდან თავისი ვალდებულებების შესრულების საფუძველი. ყველაფერი სხვა – თავდებობა, რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ან სხვა ველოსიპედის გამოგონება უფრო გაართულებს და გააბუნდოვანებს ვითარებას. ჩემი რჩევა ყველას მიმართ იქნება, რომ არ არის საჭირო ახალი სისტემების გამოგონება. არსებობს სახელმწიფოს მკაფიო განსაზღვრული ვალდებულება, რომ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლება უნდა იყოს დაცული და სახელმწიფომ ეს ვალდებულება უნდა განახორციელოს. ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? ეს არის ხელისუფლება, რომელსაც 100 პროცენტიანი ვალდებულება აქვს, მის ხელთ მყოფი პატიმრის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკები არ შეექმნას. ასეა მიხეილ სააკაშვილის მიმართებაში და ასევე ყველა სხვა პატიმართან მიმართებაში“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს, საკუთარი თავი გადადო – ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ მატერიალური მიმართულებით მისი შანტაჟი შეუძლებელია – მდინარაძე
შემდეგი სტატიაპირდაპირი შეტევაა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე – მიუღებელია მსგავსი თავდასხმითი რიტორიკა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რასაც კობახიძისგან ვისმენთ – ვაშაძე