მოსწავლე პედაგოგს ბულინგში ადანაშაულებს – რა მოხდა ფოთის N4 საჯარო სკოლაში?

ფოთის N4 საჯარო სკოლის რუსული სექტორის მე-9 კლასის მოსწავლესა და მათემატიკის მასწავლებელს, ჯულიეტა მიმინოშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც „თაიმერს“ წყარომ აცნობა, მოსწავლეები ამბობენ, რომ პედაგოგმა მოსწავლეს კონკრეტული ამოცანის პასუხის ამოხსნა ხელახლა მოსთხოვა. მასწავლებელი დაინტერესდა, როგორ მიიღო მოსწავლემ იმ კონკრეტული ამოცანის სწორი პასუხი. მას დაფასთან გამოსვლა და ამოცანის ხელახალი ამოხსნა სთხოვა, რამაც მოსწავლის გაღიზიანება გამოიწვია და მასწავლებელს ტესტირების ფურცლები და ცარცი შეაყარა. რასაც ორივე მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა. ამის შემდეგ მოსწავლე კლასიდან გავიდა, დამრიგებელს მომხდარის საკუთარი ვერსია გააცნო და მასწავლებელი ბულინგში დაადანაშაულა.

მოსწავლის მშობელი ჯულიეტა მიმინოშვილს ბულინგში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მასწავლებელმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლებები შეულახა.

ნეიტრალური პოზიცია აქვს სკოლის დირექტორს. გივიკო ხომერიკის თქმით, „სკოლამ პირველი ეტაპი გაანეიტრალა. საჩივარი მიღებულია დისციპლინარულ წარმოებაში და კომიტეტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით. გამოიკითხება ბავშვები მშობლებთან ერთად. ჩვენთან საქმე აღძრულია სიტყვიერი შეურაცხყოფის მუხლით და გაკვეთილის ჩაშლის მცდელობით“.

ხომერიკის ინფორმაციით, მოსწავლემ აღნიშნული საქმის განხილვის თხოვნით სოციალურ სააგენტოს უკვე მიმართა. მისივე განმარტებით, საქმეს ფოთის N4 საჯარო სკოლის დისციპლინარული კომისიაც სწავლობს.

„თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, რომ მოკავშირეები ივნისის სამიტზე აღიარებენ საქართველოს პროგრესს“ – სტოლტენბერგი
შემდეგი სტატიაშსს თანამშრომლებმა დაშავებული მოქალაქე სტეფანწმინდიდან თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს