კრემლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს — სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-თან საუბარში შეხვედრას „არსებითი“ უწოდა და აღნიშნა, რომ შემდგომი ნაბიჯები მომდევნო კვირებში გამოცხადდება.
ამერიკელი დიპლომატები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე მოსკოვიდან გაფრინდნენ. ისინი დღესვე კიევში ჩასვლასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავენ.
შეხვედრას დადებითი შეფასება მისცა ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმაც. მისი თქმით, დისკუსია უბრალო აზრთა გაცვლას გასცდა.
„მოლაპარაკებები უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსაზრებების უბრალო გაცვლას გასცდა. საკმაოდ დეტალურად განიხილეს ეკონომიკური საკითხები და პოტენციურად მსხვილი, ურთიერთსასარგებლო რუსეთ-ამერიკის პროექტები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებები დროული და ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო იყო“, — განაცხადა უშაკოვმა.
შეხვედრის დასაწყისში სატელევიზიო მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი მიესალმება დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის დასრულებისკენაა მიმართული.
„მიუხედავად იმისა, რომ ესმის, რთულ ვითარებაში შედის, ის მაინც არ წყვეტს ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარებას და თავისი წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტაში“, — განაცხადა პუტინმა.
აშშ-ის დელეგაციის წევრებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.








