მოსკოვში სკოლის მოსწავლემ თანასკოლელი მოკლა და დაცვის თანამშრომელი დაჭრა

მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის დაბა გორკი-2-ში სკოლის მოსწავლე დანით თავს დაესხა მოსწავლეებს – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ MSK1.RU, ТАСС და სამართალდამცავებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხები.

ინციდენტი 16 დეკემბრის დილით მოხდა უსპენსკის სკოლაში. პოლიციის მონაცემებით, „სკოლის მოსწავლემ დანით დაჭრა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, შემდეგ გაზის ბალონი გააფრქვია, რის შემდეგაც დანით ჭრილობა მიაყენა ათი წლის მოსწავლეს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა“. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.

ტელეგრამ-არხი Mash წერს, რომ მოზარდი სკოლაში დიდი ზურგჩანთით მივიდა და დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში სკოლის ტუალეტში ემზადებოდა თავდასხმისთვის, შემდეგ კი კიდევ 8 წუთის განმავლობაში დადიოდა სკოლაში მსხვერპლის ძიებაში. Baza-ს ინფორმაციით, ის მათემატიკის მასწავლებლის მოკვლას გეგმავდა.

კიდევ ერთი ტელეგრამ-არხი იუწყება, რომ გარდაცვლილი ბავშვი მე-4 კლასის მოსწავლე იყო. თვითმხილველების თქმით, „ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“. თავდასხმის ადგილზე თავდაპირველად მივიდნენ პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, რის შემდეგაც დაიწყო ბავშვების სკოლის შენობიდან გამოყვანა.

მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლი, 30-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი). დაკავებულ მოსწავლეს შეამოწმებენ ფსიქიკურ მდგომარეობაზე – დაინიშნება ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ასევე, გამოძიება შეისწავლის მის სანაცნობო წრეს, ინტერესებსა და სოციალურ ქსელებს.

banner
წინა სტატიაშითიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით,  45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
შემდეგი სტატიასალონიკში 44 წლის ქართველი ემიგრანტი პარტნიორის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს