18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

“მოსკოვში რომ ჩადიხარ, პირდაპირ ვერ ეტყვი, ოკუპანტი ხარო” — ზაზა დავითაია ჯაშუშობაში ბრალდებული მეგობრის დაკავებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. სუს-ის განცხადებით, დაკავებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათ სისტემატურად აწვდიდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რცხილაძის დაკავების ფაქტს ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბარში მისი მეგობარი, პრორუსი ჟურნალისტი ზაზა დავითაია ადასტურებს. დავითაია ირწმუნება, რომ „ევრაზიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის საქმიანობა და მისი ვიზიტები რუსეთში სრულიად ლეგალური და გამჭვირვალე იყო.

„მისი საქმიანობა, როგორც ჩემთვის ცნობილია, იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ლეგალური. იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე — იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება და ოკუპაციის შედეგების აღმოფხვრა. როდესაც ჩადიხარ მოსკოვში, ახლა შენ პირდაპირ ვერ ეტყვი, რომ ოკუპანტი ხარ… ვისთანაც ამ ადამიანს ჰქონდა კავშირი, ეს კონფერენციები და შეხვედრები იყო აბსოლუტურად ლეგალური“, — აცხადებს ზაზა დავითაია.

„ევრაზიის ინსტიტუტი“ ქართულ მედიაში დიდი ხანია მოიხსენიება, როგორც კრემლის ნარატივებისა და პროპაგანდის გამტარებელი ორგანიზაცია. რამდენიმე თვის წინ, საგამოძიებო მედიაპლატფორმა „აი, ფაქტმა“ რუსული ფონდიდან („პრავფონდი“) გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ რცხილაძის ორგანიზაცია 2020 წლიდან ოფიციალურად ფინანსდებოდა მოსკოვიდან.

ამჟამად საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია„ვირო მადლიო თქვენზეა ნათქვამი“ — მიხეილ სააკაშვილი ქუთაისელ პოლიტიკოსებს