მოსკოვში ფარული ვიზიტით ა.შ.შ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაციას CBS News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
“CIA-ს დირექტორის ვიზიტის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოსკოვის აეროპორტში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17A Globemaster III და ამერიკული დიპლომატიური ესკორტი შეამჩნიეს. რუსეთში მყოფი ამერიკელი მაღალჩინოსნის ვინაობასა თუ ვიზიტის მიზანზე კომენტარი არც აშშ-ის და არც რუსეთის მთავრობას არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ეს CIA-ს დირექტორის რანგში რეტკლიფის პირველი ცნობილი ვიზიტია რუსეთში, თუმცა მას რუსული დაზვერვის კოლეგებთან კონტაქტი აქამდეც ჰქონდა.
CIA-მ ასევე ითამაშა როლი აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების ბოლო დროინდელ გაცვლაში, მათ შორის 2025 წლის აპრილში აშშ-ისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქის, ქსენია კარელინას გათავისუფლებაში, რომლის საქმეზეც მოლაპარაკებებს რეტკლიფი პირადად აწარმოებდა. სააგენტო ასევე ჩართული იყო 2024 წლის პატიმართა გაცვლაში, რომლის შედეგადაც Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და საზღვაო ქვეითთა ვეტერანი პოლ უელანი გათავისუფლდნენ.
რეტკლიფის ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები ძირითადად შეჩერებულია და მხარეები საკვანძო საკითხებზე ჯერ კიდევ შორს არიან შეთანხმებისგან.“ – წერია CBS News-ის პუბლიკაციაში.

















