მოსკოვში მცხოვრები რამდენიმე ასეული ქართველი კორონავირუსით არის დაავადებული

კორონავირუსთან დაკავშირებით რუსეთში სავალალო მდგომარეობაა. ამ ქვეყანაში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და ეპიდემიას ვერც ისინი გადაურჩნენ. როგორც „ქრონიკა+“-ს მოსკოვში მცხოვრებმა ქართველებმა უთხრეს, რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე ასეული ქართველია კორონავირუსით ინფიცირებული, ზოგიერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
როგორც „ქრონიკა+“-სთან მოსკოველი ქართველები ამბობენ, ინფიცირებულები, ძირითადად, სახლის პირობებში მკურნალობენ და ეს არა იმ მიზეზის გამო, რომ ქართველები არიან, არამედ იმიტომ, რომ საავადმყოფოები გადავსებულია და ინფიცირებულებს სახლებში უშვებენ სამკურნალოდ, მათ შორის, მძიმე მდგომარეობაში მყოფებსაც.
რუსეთის დედაქალაქში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ მათთან, ძირითადად, აგრარულ ბაზრებში მომუშავე ქართველები დაავადდნენ. ბაზრებში არც სოციალური დისტანცია იყო დაცული და არც სხვა უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, ქართველებიც ვერ გადაურჩნენ ამ სენს – ბაზრებიდან სახლებში წამოიღეს კორონა და ოჯახის წევრებიც დააავადეს.
ქართველები ასევე მრავლად ცხოვრობენ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში. აქ, მინიმუმ, 10.000 ქართველი მაინც არის. ამ პატარა რესპუბლიკაში დღევანდელი, 30 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით 836 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის, რამდენიმე ათეული ქართველი.
მიუხედავად იმისა, რომ აქ კორონავირუსთან დაკავშირებით კატასტროფული ვითარებაა, ადგილობრივები მაინც ამტკიცებენ, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია. არადა, ვლადიკავკაზში კორონავირუსით უკვე 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებული, როგორც უკვე გითხარით, 836-ია და მხოლოდ 84 გამოჯანმრთელდა. სულ რაღაც 10 დღიოს წინ აქ ინფიცირებულთა რაოდენობა 50-მდე აღწევდა, მაგრამ ხალხმრავალმა მიტინგმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.
წინა დღეებში ყოველდდღე ასი და მეტი ახალი შემთხვევა ჩნდებოდა. ბოლო ორი დღეა, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. 29 აპრილს 84 ახალი შემთხვევა დაემატათ, 30 აპრილის მონაცემებით კი ინფიცირებულთა რიცხვი 73-ით გაიზარდა. ვლადიკავკაზში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ ცხინვალიდან გამოუგზავნეს 3 სასუნთქი აპარატი.
ეპიდაფეთქების გამო ჩრდ. ოსეთის დედაქალაქი ბევრმა ცხინვალელმა დატოვა. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ აღინიშნება. რესპუბლიკამ რუსეთთან 31 მაისამდე ჩაკეტა საზღვარი.
ჩრდილოეთ კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა მდგომარეობაა მთელ რუსეთში. ზუსტ მონაცემებს ოფიციალური რუსეთი არ აქვეყნებს და არც გამოაქვეყნებს. შესაბამისად, ვერც ვერავინ გაიგებს, თუ რამდენი ადამიანია აქ დაინფიცირებული.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში25 ანაზღაურებული შემთხვევა – თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის
შემდეგი სტატიააშშ-ის მთავრობა აგრძელებს საქართველოსთან მჭირდო თანამშრომლობას COVID-19-თან ბრძოლაში