რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დღეს მოსკოვში, არასანქცირებულ მიტინგზე, თითქმის მეტროდან გამოსვლისთანავე დააკავეს.
ნავალნის დაკავებიდან რამდენიმე ხანში მისმა მომხრეებმა პოლიციის მანქანას, სადაც პოლიტიკოსი იმყოფებოდა, გზა გადაუკეტეს.
“მეგობრებო, მე კარგად ვარ. მე ნუ მელოდებით, წადით ტვერსკიზე. ჩვენი დღევანდელი თემა – კორუფციასთან ბრძოლაა” – დაკავების შემდეგ დაწერა ნავალნიმ “ტვიტერზე”. პოლიტიკოსის გარდა, კორუფციის ფონდის ყველა წევრი (კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი ნავალნის შექმნილია – რედ) ისინიც კი, რომლებიც დემონსტრაციაზე არ იმყოფებოდნენ, რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
მოსკოვის შსს-ს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, არასანქცირებულ დემონსტრაციაზე დაახლოებით 7-8 ათასი ადამიანი იყო.
დაკავებისას პოლიცია აქტიურად იყენებდა ხელკეტს – “ბიბისის” კორესპონდენტი იტყობინება მოსკოვიდან, თუმცა, რამდენიმე ათეული ადამიანის დაკავების შემდეგ, პოლიციამ უკან დახევის ბრძანება მიიღო.
https://youtu.be/R72ABNSlhU4