კრემლის განცხადებით, წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური აღლუმი ჩვეული მასშტაბების გარეშე ჩაივლის. მოსკოვი უარს ამბობს მძიმე შეიარაღებისა და რაკეტების დემონსტრირებაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება „მიმდინარე ოპერატიული ვითარებით“ ახსნა, რაც პირდაპირ უკავშირდება უკრაინასთან მიმდინარე ომს, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება.
დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კიევის რეჟიმმა ფართომასშტაბიანი ტერორისტული საქმიანობა დაიწყო“, რის გამოც ყველა ზომა მიიღება საფრთხის მინიმუმამდე დასაყვანად.
გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინული დრონების გახშირებული დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე. დრონებმა არაერთხელ მიაღწიეს მოსკოვამდეც.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელი არ არის მრგვალი თარიღი, განსხვავებით 2025 წლისგან, როდესაც ნაციზმზე გამარჯვების 80 წლისთავი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ერთად აღნიშნეს.
კრემლის ოპონენტების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას მწვავე კომენტარები მოჰყვა. მათი თქმით, შეიარაღების ჩვენებაზე უარის თქმა იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვს საკუთარი დედაქალაქის უსაფრთხოების გარანტიებიც კი აღარ აქვს.













