მოსკოვი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და გემებზე დარტყმების შეჩერების შესახებ ანკარის წინადადებას არ ეთანხმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ზახაროვას თქმით, მოსკოვში ვერ ხედავენ სიტუაციის გაუმჯობესების წინაპირობებს, რაც რუსეთის მხრიდან ამ წინადადებაზე დათანხმებას გახდიდა შესაძლებელს. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ეს ინიციატივა მედიასთან გააჟღერა, თუმცა მოსკოვს ანკარისგან ოფიციალური მიმართვა ჯერ არ მიუღია.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გემებზე შეტევებში უკრაინული მხარე დაადანაშაულა და გამორიცხა 2022-2023 წლებში მოქმედ „მარცვლეულის შეთანხმებაზე“ დაბრუნება, რომლითაც შავი ზღვით ხორბლის უსაფრთხო ექსპორტი ხორციელდებოდა.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარამ მოსკოვსა და კიევს შავ ზღვაში გემებზე დარტყმების მორატორიუმის გამოცხადება და შესაბამისი მექანიზმის შექმნა შესთავაზა.
ფიდანის განმარტებით, თავდასხმების სამიზნე ხშირად ხდება თურქული გემები ან ხომალდები, რომელთა ეკიპაჟის წევრებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
















