მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე – მელია

მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია. მელია “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს და ხელისუფლების მხრიდან დიქტატორული ნიშნების ღიად გამოვლენაზე საუბრობს.

„დღეს ივანიშვილმა ქვეყანაში, ის პირველი პრეცედენტიც დაუშვა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, საქართველოს მოქალაქის არა უბრალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემას გულისხმობს, არამედ სისხლის სამართლებრივ პატიმრობაში მიცემას გულისხმობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქე ზვიად კუპრავას მიესაჯა პატიმრობა 9 თვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. არც წინა ხელისუფლებს პირობებში და არც იმის წინა ხელისუფლების პირობებში… ეს არის ღია დიქტატორული ნიშნების ესე გადმოფენასაზოგადოებისთვის“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ხელისუფლებას იმ მოძალადეების საქმეებს ახსენებს, რომლებიც ოპოზიციის წევრებს გაუსწორდნენ, თუმცა ისინი დღემდე პასუხისმგებლობაში მიცემულები არ არიან.

„უბრალოდ, მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე. დიახაც, სისხლის სამართლის კოდექსში არის 266-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუკი იგი სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალწარმოების მხარეებს, ანუ სასამართლო დარბაზში უშუალოდ, მაგრამ ეს მუხლი ამოქმედდება სასამართლოს დარბაზს მიღმა, სასადილოში და ა.შ. ეს არის უკვე იმის მკაფიო სიგნალი და პრეცედენტი, რომ ხვალ და ზეგ ნიკა მელია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, თუკი ქუჩაში შეაგინებს ან აუგად მოიხსენიებს მოსამართლეს, შესაძლებლობა უჩნდება ხელისუფლებას, ის დააკავოს,“ – აცხადებს ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშიდვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას წყვეტენ, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ
შემდეგი სტატიამუხლი, რომლითაც კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო, გასაჩივრებულია – „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა