როგორც გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ „პუბლიკას“ უთხრა, პოლიტიკოსების საქმის განხილვა მოსამართლემ შემოდგომისთვის გადადო. მისი თქმით, თამარ მახარობლიძეს არ დაუკონკრეტებია კონკრეტული თვე ან თარიღი, როცა საქმის განხილვა განახლდება. რატომ აღარ ჩატარდება ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი სხდომები, ადვოკატის თქმით, მოსამართლეს არც ამის მიზეზზე უსაუბრია.
სასამართლოში სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ პროცესი 23 თებერვალს დახურა იმ საბაბით, რომ „დარბაზს ვერ აკონტროლებდა“, ამის შემდეგ კი გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია.
ივნისში დაჩქარდა საქმის განხილვაც. თავდაპირველად შეთანხმებული განრიგით, სხდომები თვეში ერთხელ უნდა გაემართათ, პროკურატურის შუამდგომლობით კი 11 ივნისიდან სხდომები კვირაში ორჯერ დანიშნეს.
7 ივლისს „პუბლიკასთან“ საუბარში ადვოკატები ამბობდნენ, რომ ამ ტემპით განაჩენი ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში დადგებოდა.
პროკურატურამ 8 პოლიტიკოსს – ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.
პროკურატურამ 2025 წლის 8 თებერვალს საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება „ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
















