,,მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვის შეჩერება „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშ”ვილი, ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები დგანან”

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის განხილვის შეჩერება „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა. ამის შესახებ სოფო კილაძემ ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„სიის განხილვა რომ შეჩერდა და ჩვენ უფრო მეტი დრო ავიღეთ, რათა ეს პროცესი უფრო გამჭვირვალედ წარვმართოთ, მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებაა, რომლის სათავეში ბიძინა ივანიშვილი დგას. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს პროცესი მშვიდად, ფართო ჩართულობით და საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე წარიმართოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა სოფო კილაძემ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო, სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მისსავე განცხადებაში დეტალურადაა ასახული.

„თუ რა მოხდა სინამდვილეში, ამაზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია რა არის, ბატონმა ბიძინამ თავის განცხადებაში აქცენტი საკმაოდ დეტალურად გააკეთა. ამიტომ, არ იქნება მართებული, ამ განცხადების მიღმა კიდევ რაღაც შეთქმულების თეორიებზე ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია მის განცხადებაში ძალიან ნათლად იყო გამოხატული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პირველი ეტაპის ამოცანა, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილი სია არ ყოფილიყო განხილული იურიდიულ კომიტეტზე წლის ბოლო კვირას, არ მომხდარიყო მისი წარდგენა სესიაზე და მიღებულიყო გადაწყვეტილება, რომ კანონში მომზადდეს ცვლილებები, მიღწეულია. მისივე თქმით, ორივე მიზანი პირველ ეტაპზე მიღწეულია იმით, რომ მან დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

banner
წინა სტატიაში„სადაც სულიერი ძალა ეკარგება ადამიანს, იქ გადადის ფიზიკურ ძალაზე…“ – პეტრე ცაავა იაკობ იაკობაშვილზე
შემდეგი სტატიასაპატრიარქოში ვერ აკონკრეტებენ, როდის გაიხსნება მცხეთის ჯვრის მონასტერი