“მოსამართლეების დანიშვნის პროცესი თუ არ შეჩერდება, მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, დავტოვოთ არალეგიტიმური პარლამენტი”

თუ არ შეჩერდება მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, დავტოვოთ არალეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, ოპოზიციამ აღარ უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.

„არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურმა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების გვერდის ავლით, უკანონოდ დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აშშ-სა და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების ელჩების რეკომენდაციებისა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა კიდევ ერთი არალეგიტიმური ნაბიჯი და სამწუხაროდ, გააგრძელა სვლა სრული ავტორიტარიზმისკენ. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას. მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური. შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას. ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში“,- აცხადებს ოქრიაშვილი.

banner
წინა სტატიაში19-21 ივნისს დაზარალებულებისთვის კომპენსაციები დაწესდეს: „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“
შემდეგი სტატიაკახა კუჭავამ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 27 წლის იუბილე მიულოცა