მოსამართლეები – საერთაშორისო ორგანიზაციებს არასამთავრობოები მცდარ ინფორმაციას აწვდიან

საქალაქო სასმართლოში მოსამართლეებმა განცხადება გააკეთეს, სადაც ყველა მხარეს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სასამართლო სისტემის დისკრედიტაციისგან. მათი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ მცდარი ინფორმაცია სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და მათი მცდარ ინფორმაციას, მოსამართლეების განცხადებით, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები აწვდიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლაშა მაღლაკელიძის განცხადებით, სასმართლო არის დამოუკიდებელი და ის არ უნდა დაემორჩილოს პოლიტიკურ ზეგავლენას.

„ჩვენი ერთობლივი განცხადება, რომელიც გუშინ მივიღეთ, ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სასამართლო მოცემულ შემთვევაში არის დამოუკიდებელი, ის არ უნდა დაემორჩილოს არავითარ პოლიტიკურ ზეგავლენას, არავითარ მითითებას. ჩვენი მკაფიო პოზიცია გამოიკვეთა იმ განცხადებაში, რომლის სულისკვეთებასაც იზიარებს მოსამართლეთა დიდი ნაწილი. ეს განცხადება ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ არ მოხდეს სასამართლო საქმიანობაში, მის დამოუკიდებლობაში რაიმე ფორმით ჩარევა“,- განაცხადა ლაშა მაღლაკელიძემ.

მოსამართლე თამარ ოქროპირიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებები გაცდა ყოველგვარი კრიტიკის ფარგლებს.

„გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ღირებულება ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში. კრიტიკა მისაღებია, თუ ეს არის კონსტრუქციული, არ არის საზიანო, არამედ სასარგებლოა ჩვენი სასმართლო სისტემის ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებები გაცდა ყოველგვარ კრიტიკის ფარგლებს და მიიღო სახე პირდაპირი იერიშის, დესტრუქციული თავდასხმის სასამართლო სისტემის მიმართ. ეს აზიანებს სასამართლო დამოუკიდებლობას. დღეს, როდესაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე, თითოეული მოსამართლე ვალდებული ვართ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რა ხდება რეალურად სასამართლო სისიტემაში.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი როგორც ქვეყნის, ასევე სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწოდოთ სწორი და ობიექტური ინფორმაცია, თუ რა ხდება სასამართლოში. სასამართლო არ არის დახურული სისტემა, ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ იმისთვის, რომ დაინტერესებულ სუბიექტს, ადგილობრივი ორგანიზაცია იქნება, თუ საერთაშორისო, ღიად ვესაუბროთ და ღიად გავაცნოთ ის მიღწევები და ცვლილებები, რაც სასამართლო სისტემაში მიმდინარეობს“,- განაცხადა მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიოზურგეთში 16 წლის მოზარდი სანადირო თოფით დაჭრეს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი ისრაელის ელჩს შეხვდა