მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ქონების გადაცემის საქმეზე სასამართლო წარმოება შეწყდა. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია იმ დადგენილებას ასაჩივრებდა, რომლითაც საკრებულომ ზვიად ნაზღაიძეს მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება და ფულადი თანხა გადასცა.

საქმეზე რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა. მხარეები უკვე საქმის არსებითი განხილვისთვის ემზადებოდნენ, თუმცა დღევანდელ პროცესზე საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოწინააღმდეგე მხარემ საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობას საფუძვლად საკრებულოს დადგენილების გასაჩივრების ვადის გასვლა დასახელდა, რაც მოსამართლემ გაიზიარა და საქმის წარმოება შეწყვიტა.

საკრებულოს ოპოზიციის შეფასებით, მათ არანაირი ვადა არ დაურღვევიათ, ვინაიდან საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ბათილად ცნობა თავდაპირველად საკრებულოშივე უნდა მოეთხოვათ და საკრებულოში შესაბამისი პროცედურების ამოწურვის შემდეგ უნდა მიემართათ სასამართლოსთვის და სწორედ ასე მოიქცნენ.

„ჩვენდა გასაკვირად, მოსამართლე ბუაჩიძემ შეწყვიტა საქმე იმის გამო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დააყენა შუამდგომლობა. საქმის შეწყვეტის შუამდგომლობა დადგა იმ მოტივით, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით და არ გაგვაჩნია იურიდიული ინტერესი. არ ჩაგვბარებია ჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად გასაკვირია, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ქართულმა სასამართლომ არ მოისურვა დეტალებში შესვლა, რათა განეხილა თუ როგორ ნიავდება თბილისის ქონება. რა თქმა უნდა, ამას გავასაჩივრებთ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მე პირადად მაქვს განცდა, რომ საქმე გვაქვს ზეგავლენასთან, რადგან აქამდე ამ საქმის განხილვა ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებებს უსურვებს – მერობის კანდიდატი ტექნიკურ უნივერსიტეტთან იმყოფებოდა
შემდეგი სტატია„საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად შედიან ცეცხლმოკიდებულ შენობებში, დიდ მადლობას იმსახურებენ“- ხანძარი ე.წ. ელიავას ბაზრობაზე