მოსახლეობის მესამედმა ქალაქი უკვე დატოვა, ამჟამად გასვლა რკინიგზით ან ავტომობილით არის შესაძლებელი, ევაკუაციის პროცესში პანიკა არ არის – ხარკოვის მერი

უკრაინის ქალაქ ხარკოვის მერის იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქი უკვე მოსახლეობის მესამედმა დატოვა და ევაკუაციის პროცესი დღემდე გრძელდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქალაქიდან გასვლა რკინიგზით ან ავტომობილით არის შესაძლებელი.

რაც შეეხება საომარ მოქმედებებს, ხარკოვის მერი ამბობს, რომ რუსი სამხედროები ამჟამად ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე ახორციელებენ იერიშებს. იგორ ტერეხოვის განცხადებით, ექიმები ქალაქს არ ტოვებენ და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ხარკოვში 1 929 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, მოსახლეობის მესამედმა კი ქალაქი დატოვა. ქალაქიდან გასულების უმრავლესობა ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან. ამჟამად, ქალაქიდან გასვლა რკინიგზით ან ავტომობილით არის შესაძლებელი. შესაძლო დაბომბვის გათვალისწინებით, მოქალაქეები მატარებელს გვირაბში ელოდებიან. ევაკუაციის პროცესში პანიკა არ არის. პარალელურად, ხალხი ბრუნდება, მეტ მანქანას ვხედავ. მოქალაქეები ამბობენ, რომ მშობლიურ ქალაქში სურთ ყოფნა, რათა ომის შემდეგ ქალაქი აღადგინონ. ქალაქი ყოველდღიურად იბომბება ჰაერიდან და მიწიდან. გასული დღე-ღამის განმავლობაში ორი ბაზარი დაბომბეს. ამჟამად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე ახორციელებენ იერიშებს. ხარკოვში უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სკოლებში, საბავშვო ბაღებში გადაგვყავს, ცხელ კერძებს ვაწვდით. უამრავ ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან, ბევრი ქალაქის მერისგან. ხარკოვში მაღაზიები და აფთიაქები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობენ, მუშაობს ყველა კომუნალური სამსახური. ექიმები ქალაქს არ ტოვებენ და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული დაზვერვა რუსი არტილერისტების სიას აქვეყნებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცეს
შემდეგი სტატიაავღანეთში თავდასხმას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა