აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატ ილია ინჯიასთან ერთად, წალენჯიხაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს დევნილთა საჭიროებების მოგვარების გზები და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, ისაუბრეს აფხაზეთის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
„აფხაზეთელებმა დავკარგეთ სახლ-კარი, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, მეზობლები და მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მათ ამ 33 წლიან გოლგოთის გზაზე გამოჩენილი მოთმინებისა და გამძლეობისთვის.
დღეს, ვდგავართ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე, დიდგორის ბრძოლა გველოდება წინ და უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ არა იარაღით, არამედ მშვიდობით, ერთად დგომით. ერთიანობით უნდა დავანახოთ მთელს მსოფლიოს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნამდვილი ევროპული ღირებულებები, ტრადიციები და ჩვენი სამება – ენა, მამული, სარწმუნოება.
დღეს, სახელმწიფოს სწორი ქმედებების შედეგად, ჩვენი ძმები ენგურს იქით ცდილობენ ურთიერთობებში შემოსვლას, თვითონაც ფიქრობენ, რომ ჩვენი ერთად ყოფნა გარდაუვალია, მაგრამ, ჩვენი სახელმწიფოს გაერთიანებისთვის ჯერ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიდგეთ ერთად.“ – დავით ფაცაცია.