მორიგი სკანდალი იუსტიციის საბჭოში – პარლამენტმა ერთ-ერთი არამოსამართლე წევრი საბჭოში კანონდარღვევით გაამწესა

კიდევ ერთი ხმაურიანი საქმე იუსტიციის საბჭოში და კანონდარღვევა, რომელიც ორი წლის შემდეგ გასაჯაროვდა.

ერთ-ერთი ინტერნეტ პორტალის და არასამთავრობო ორგანიზაციის მოკვლევით დგინდება, რომ პარლამენტმა 2017 წლის ივნისში, კანონი დაარღვია, როცა ზაზა ხარებავა და კიდევ ორი წევრი – ლევან გამეზარდაშვილი და ირაკლი ქადაგიძე, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრებად გაამწესა.

კანონის ჩანაწერის მიხედვით, იუსტიციის საბჭოში არამოსამართლე წევრად წარდგენის შემთხვევაში ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს იურიდიული გამოცდილება სასამართლოში. ზაზა ხარებავა საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა ”აფხაზეთმა” წარადგინა, ფონდს კი იურიდიული გამოცდილება არ აქვს. ის სასამართლოში რიგ შემთხვევებში იყო მხარე, ან მას უჩიოდნენ თავად. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით 2017 წლის ივნისში პარლამენტმა დაარღვია კანონი და ზაზა ხარებავა არალეგიტიმურად გაამწესა საბჭოში.

„არ გვჯერა იმის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით არის იქ მოხვედრილი. კონკრეტულ ინტერესებს ატარებს ეს ადამიანი ძალიან მყარად უკვე წლებია. არ არის აქტიური. ყოველთვის ეთანხმება და ყველა კრიტიკულ გადაწყვეტილებაში ეს ადამიანი მხარს უჭერდა კლანს და კიდევ ამ ადამიანს ახლა განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმიტომ რომ ახალი წესები რომელიც შემოვა უზენაესში კანდიდატების დასახელების, თუ საბჭოს მოსამართლე წევრები თვითონ გადაწყვეტენ კანდიდატად ყოფნას, მათ აუცილებლად დასჭირდებათ ზაზა ხარებავას ხმა. იმიტომ, რომ ხმები არ ეყოფათ. ზუსტად ვიცით რა განლაგებაა საბჭოში. ვინ რა პოზიციებზე დგას და ზაზა ხარებავა არასდროს, არც ერთხელ არ ყოფილა აქტიური და არასდროს მას იმ მავნე გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ხმა არ ამოუღია რომელიც საბჭომ მიიღო,“-განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა გიორგი გვილავამ.

საბჭოს არამოსამართლე წევრების საეჭვო რეპუტაციაზე საუბრობს ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” გამგეობის თავმჯდომარეც. კახა წიქარიშვილი ამბობს, რომ საბჭოს სამივე არამოსამართლე წევრი ყოველთვის ეთანხმება ყველა სკანდალურ გადაწყვეტილებას და წინააღმდეგობას არ უწევს კლანს.

„გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა მას შემდეგ, რაც შეისწავლის თუ რამდენად კანონიერად იქნა არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრის თანამდებობაზე. საბჭოში არის მინიმუმ სამი არამოსამართლე წევრი, რომელიც ყოველთვის ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ მჭიდრო კავშირები იქ გაბატონებულ კლანთან და ვერასდროს ვერ უწევენ მათ წინააღმდეგობას,“-განაცხადა კახა წიქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბავარიაში 250 კილოიანი ბომბის გამო ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატიაბოსნიაში მესაზღვრეებს მიგრანტები გალიებში ყავთ