მორიგი პოლიტიკური დაკვეთა, საქართველოს დატოვება ამიკრძალეს, მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო-აზერბაიჯანელი ჟურნალისტი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ფეისბუქზე წერს, რომ მისი კოლეგა, აფგან სადიგოვი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და საზღვრის კვეთის უფლება არ მისცეს. სადიგოვს სასაზღვრო პოლიციამ უთხრა, რომ მხოლოდ ბაქოში გაფრენის უფლება აქვს, სხვა რომელიმე ქვეყანაში კი- არა. მუხთარლის ინფორმაციით, სადიგოვისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ის ვარაუდობს, რომ ამ გზით აზერბაიჯანის ხელისუფლება სადიგოვს ბაქოში ჩასვლას აიძულებს, სადაც მას დიდი ალბათობით დააკავებენ:

“ილჰამ ალიევმა ივანაშვილთან ერთად მორიგი დანაშაული დაგეგმა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გუშინ თბილისის აეროპორტში დააკავეს. სასაზღვრო პოლიციამ აფგანს უთხრა, რომ მას მხოლოდ აზერბაიჯანში გაფრენის უფლება აქვს, სხვა ქვეყანაში წასვლა კი ეკრძალება.
აკრძალვის მიზეზი არ სახელდება. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალიევის ხელისუფლებას ჟურნალისტის დაპატიმრება სურს. ამ ეტაპზე ისინი ცდილობენ აიძულონ სადიგოვი დაბრუნდეს ბაქოში, სადაც დააკავებენ. თუ ის არ დაბრუნდება, დიდი ალბათობით, ივანაშვილის ხელისუფლება მას ნებისმიერი გზით გადასცემს ბაქოს. ივანაშვილისთვის, განსაკუთრებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანია.

მზად არიან ფულზე მთელი საქართველო გაყიდონ, ეს არ დაგავიწყდეთ. 2020 წელს თბილისში ბლოგერი ჰუსეინ ბაკიხანოვი მოკლეს და მათ დანაშაული დაფარეს.

მოვუწოდებ აზერბაიჯანელ უფლებადამცველებს, დაინტერესდნენ აფგანის საქმით. იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოს მთავრობამ თბილისიდან 2 რუსი აქტივისტი გაიტაცა და რუსეთს გადასცა. ორივე აქტივისტი აწამეს და ამჟამად ციხეში არიან.
ბოლო თვეების განმავლობაში აფგანს და მის მეუღლეს შსს მუდმივად ემუქრება” წერს აფგან მუხთარლი.

აეროპორტიდან ფოტოს ავრცელებს თავად სადიგოვიც და წერს, რომ საქართველოს დატოვება ილჰამ ალიევის დაკვეთით აუკრძალეს:

“ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა.
საქართველოს დატოვება ამიკრძალეს.
ამჟამად თბილისის აეროპორტში ვარ.
საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო.
ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა…
ეს არის ილჰამ ალიევის ბრძანება.” წერს სადიგოვი

banner
წინა სტატიაშიგანმუხურში, მდინარეში 15 წლის მოზარდს ეძებენ
შემდეგი სტატიაბაიდენი შესაძლოა, საპრეზიდენტო რბოლას ამ შაბათ-კვირას გამოეთიშოს – Axios