მორატორიუმი და თვალის ახვევა არ გამოვა, თუ კორუფციული ინტერესი გამოიკვეთება, უნდა დასრულდეს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა

ოპოზიციონერი დეპუტატი ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილმა უნდა განმარტოს, რატომ შეიწყალა მკვლელობაში ბრალდებული პირები და მათი შეწყალება ვინ ურჩია.

​როგორც ჟურნალისტებს კახიძემ განუცხადა, საქართველოს ციხეებში სასჯელს ათასობით პატიმარი იხდის, პრეზიდენტმა კი, მკვლელები გამოარჩია, რომლებსაც თავისუფლება აჩუქა.

„ეს რა ნიშნით გააკეთა, ვინ ურჩია, რა კომუნიკაცია არსებობდა? ვისთან არსებობდა, აღნიშნულ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებთან, მათ ადვოკატებთან? მათი გვარები ვინ მიაწოდა, რატომ ისინი და არა – სხვები? ამასთან დაკავშირებით პასუხები არ უნდა გასცეს?

საქართველოს პრეზიდენტმა აბსოლუტურად სამარცხვინოდ, პასუხისმგებლობა არ აიღო მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და არც საზოგადოებას უთხრა, რატომ გააკეთა ეს. ახლა ამ ყველაფერს პროცედურებს აბრალებს, თურმე, პროცედურები არ იყო დახვეწილი. ახლა მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს.
მორატორიუმი რა შუაშია, შეწყალების უფლება არის პრეზიდენტის დისკრეცია, ოღონდ, საზოგადოების უფლებაა, გაიგოს, რატომ იწყალებს პრეზიდენტი მკვლელებს“, – აღნიშნავს კახიძე.

დეპუტატი ამბობს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და უნდა გადამოწმდეს ყველა შეწყალებული პირის, მათი ადვოკატებისა და ოჯახის წევრების კავშირი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

„უნდა დადგინდეს, ვინ მიიტანა ეს გვარები, რა ნიშნით შეირჩა, ხომ არ იყო ნეპოტისტური კავშირი, კორუფციული კავშირი, ხომ არ არის დანაშაულის ნიშნები. დანაშაულის ნიშნები თუ დაფიქსირდა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ და პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა. მორატორიუმი, პროცედურების დახვეწა და რაღაცებზე თვალის ახვევა, არ გამოვა. იმ შემთხვევაში, თუ კორუფციული ინტერესი და დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთება, ავტომატურად ეს არის იმპიჩმენტის საფუძველი და უნდა დასრულდეს ზურაბიშვილის პრეზიდენტობა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური – ასეთი სკანდალი კიდევ ბევრი იქნება ეჭვი მაქვს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი შეწყალებაზე მორატორიუმს სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს