მორაგბეების აქცია – სარაგბო კლუბ „არმიას“ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს

სარაგბო კლუბ „არმიას“ მორაგბეები დღეს თავდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ. მიზეზი კი ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც კლუბს თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონატს კლუბი შუა სეზონზე გამოეთიშება. მორაგბეები დაფინანსების გაგრძელებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კონტრაქტი მაისამდე იყო დადებული. მათივე თქმით, ამ დროისთვის ისინი გუნდის გარეშე რჩებიან, რადგან ტრანსფერის ეტაპი დასრულებულია. მორაგბეების თქმით, 30 ადამიანი ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებს. სპორტსმენებმა მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათ არავინ შეხვდა.
არმიას“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ კონტრაქტის შეჩერებასთან დაკავშირებით ისინი საქმის კურში არავის ჩაუყენებია.
„ჩვენთვის არაფერი ცნობილი არ იყო ამდაგვარი და არც არანაირი წერილობითი მომართვა არ გაუვრცელებია ჩვენთვის და არც ჩავუყენებივართ საქმის კურსში. კონტრაქტი დადებული რომ იყო, მერე დაიწყო ამ გუნდის არა დაფინანსებაზე, არამედ სხვა უწყებაზე გადაცემაზე საუბარი. კერძო პირებიც იყვნენ იქ და ასევე, ერთ-ერთ სსიპ-ში უნდოდათ გადაყვანა, მაგრამ რეალურად, ეს არ განხორციელდა,“ – განაცხადა ზოდიკო ფარქოსაძე.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის მაისში კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალურად აცნობეს, რომ გუნდს დაფინანსება შეუწყდებოდა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტში აღარ შედის სხვადასხვა სპორტული კლუბების დაფინანსება.
“მოგახსენებთ, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ა(ა)იპ “სპორტული კლუბი არმიას” ხელმძღვანელობა, ჯერ კიდევ 2017 წლის 5 მაისიდან ინფორმირებული იყო, რომ 2018 წლიდან დაფინანსება შეუწყდებოდა. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მას ოფიციალურად აცნობა.
შესაბამისად, განცხადებები იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ინფორმაცია არ ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის 2017 წლის ბოლოს ბიუჯეტის პროექტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთი არ წარუდგენია. 2017 წლის განმავლობაში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფინანსების მართვის სამმართველოს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია “არმიას” ფინანსისტთან (ქ/ნ ნინო ზედგენიძესთან), სადაც მას ყოველივე ზემოაღნიშნული დეტალურად განემარტა. აღნიშნული ფაქტი ასევე ცნობილი იყო “არმიას” პრეზიდენტისთვის ბ/ნ ზოდიკო ფარქოსაძისთვის.
სარაგბო კლუბ “არმიას” წლიური დაფინანსება 400 ათას ლარს შეადგენს. აქვე მოგახსენებთ, რომ თავდაცვის უწყების პრიორიტეტებში, ამ ეტაპზე, არ შედის სპორტული კლუბების დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კლუბის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო, გასულ წელს კლუბს სეზონის დასრულების შესაძლებლობა მაინც მიეცა.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმის მოვლენების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
შემდეგი სტატიადენის ვაუჩერები სოციალურად დაუცველებისთვის, შშმ პირებისა და მარტოხელა პენსიონერებისთვის – „ნაციონალების“ მოთხოვნა