მე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი ვიქნები

usufaShviliმე მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი ვიქნები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.

„რა ფორმით და როგორ, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით უფრო სახიფათო იქნება. საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ცუდი არ არის, მაგრამ ამავე დროს, შეცდომების უფრო სწრაფად დაშვებაც შესაძლებელია. ჩემს კოლეგებს, საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალიან ბევრ წევრს ჩემი და სხვების კრიტიკა ყურს ცუდად ხვდება. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და მიდრეკილი ვართ იმისკენ, რომ კოლექტიური გადაწყვეტილება პარტიული გადმოსახედიდან მივიღოთ და ნურავის ექნება ილუზია, რომ ვინმე ობიექტური იქნება და განყენებულად ყოფნას შეძლებს, რადგან ჩვენ ყველანი სუბიექტურები ვართ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თუ პარტიას შექმნის, ეს უსუფაშვილის პარტია არ იქნება.

„რამდენიმე თვეში ან მექნება სერიოზული და კონკრეტული გეგმა, თუ როდის, ვისთან ერთად და როგორ ვაპირებ, ან მოვალ და გეტყვით, რომ რამე სხვას ვაპირებ. არავითარ შემთხვევაში არ იქნება საუბარი უსუფაშვილის პარტიის, ჩემზე დაფუძნებული პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნაზე. ეს არ იქნება უსუფაშვილის პარტია. თუ იქნება, ეს იქნება – ჩვენ! სანამ სხვას რამეს მოუწოდებ, რომ ეს ან ისაა სწორი, ადამიანმა საკუთარი თავი უნდა გაიცნო. ჩემი პოლიტიკური შესაძლებლობები კი, ძალიან კარგად ვიცი – მე გოლების გამტანი პოლიტიკოსი არ ვარ და სხვა ტიპის თამაში უფრო გამომდის. შემიძლია, უკეთესი საგოლე პასი გავაკეთო, ან გუნდის კაპიტანი ვიყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ სხვადასხვა ადამიანებმა სხვადასხვა მოტივით დატოვეს და ეს არ არის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ახალი პარტიის გაკეთებას აპირებს.

„ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები იყო. ეს არ არის ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ახალი პარტიის გაკეთებას აპირებს და მერე სხვებს შემოუძახებს, რომ აგერ ვართ და შემოგვიერთდითო. მე პირადად, ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე, რომლის მსგავსი არ ვიცი, ცხოვრებაში მიმიღია თუ არა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეგადაწყვეტილებები ახლდა. ამ პროცესში ჩემი ინიციატივით არცერთ რესპუბლიკელს არ შევხმიანებივარ. თუმცა, ჩემთან დაკავშირება ვინც თავად გადაწყვიტა, საუბარი ყველასთან მქონდა. ზოგი აქტიურ პოლიტიკაში რჩება, ზოგი კი, სხვა მიმართულებით წავა. ეს არ არის ერთიანი გუნდი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ზოგიერთი ჩვენგანი პოლიტიკურ საქმიანობაში ისევ ერთად აღმოვჩნდეთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივიარეთ წრეზე და ისევ ერთპარტიულ მმართველობასთან მივედით
შემდეგი სტატია”როგორც მაშინ ბატონი შევარდნაძით, ახლა ძალიან გაწბილებული ვარ ბატონი პოროშენკოს აშკარა უძლურობით”