მოქმედ პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით 73 მაჟორიტარი დეპუტატიდან მხოლოდ 36-მა ისარგებლა

მერვე მოწვევის პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით73 მაჟორიტარი დეპუტატიდან მხოლოდ 36-მა ისარგებლა.

ამის შესახებ ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” ანგარიშში, რომელიც საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობას ეხება.

პარლამენტის მიერ ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით წარდგენილი იქნა ჯამში 331 კანონპროექტი.

აღნიშნული პროექტების წარდგენაში მაჟორიტარი დეპუტატებიდან მონაწილეობდა მხოლოდ 36 დეპუტატი. 6 კანონპროექტი წარდგენილია კოლექტიურად, 46-დან 80-მდე წევრის მონაწილეობით, 37 მაჟორიტარ დეპუტატს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება საერთოდ არ გამოუყენებია.

უფრო კონკრეტულად, კანონპროექტების წარდგენაში მონაწილეობა შემდეგმა მაჟორიტარმა დეპუტატებმა მიიღეს: დავით ონოფრიშვილი – 41, ვახტანგ ხმალაძე – 33, თამარ კორძაია – 22, გიორგი კახიანი – 20, ნოდარ ებანოიძე – 18, შალვა შავგულიძე – 17, გედევან ფოფხაძე – 16, ზურაბ აბაშიძე – 16, ერეკლე ტრიპოლსკი – 14, ზაქარია ქუცნაშვილი – 14, ეკა ბესელია – 13, ზვიად ძიძიგური – 6, ზვიად კვაჭანტირაძე – 6, ალექსანდრე ქანთარია – 5, მირიან წიკლაური – 4, აკაკი ბობოხიძე – 4, მანანა კობახიძე – 4, იოსებ ჯაჭვლიანი – 4, მურმან დუმბაძე – 3, პაატა კიკნაველიძე – 3, ზაზა პაპუაშვილი – 3, ელისო ჩაფიძე – 3, თამარ ხიდაშელი – 3, დავით უსუფაშვილი – 2, დიმიტრი ხუნდაძე – 2, თამაზ ჯაფარიძე – 2, გიორგი გოზალიშვილი – 2, ვიქტორ დოლიძე -2, მალხაზ ვახტანგიშვილი – 2, პაატა ლეჟავა – 2, კახაბერ ოქტიაშვილი – 2, თეიმურაზ ჭჯუასელი – 2, ზურაბ ზვიადაური – 1, ანზორ ბოლქვაძე – 1, გელა სამხარაული – 1და მალხაზ წერეთელი -1.

“საქართველოს პარლამენტის წევრის, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის ძირითადი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობაა. ამასთან, საკანონმდებლო ინიციატივის უფლებამოსილება ააქართველოს პარლამენტის წევრის კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს. მაჟორიტარი დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივების სიხშირე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვინაიდან, მათ ამომრჩევლებთან კომუნიკაციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი აქვთ დამატებითი ფინანსები. შესაბამისად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ყველაზე მეტად უნდა იყვნენ ინფორმირებული მოქალაქეების საჭიროებების თაობაზე და შესაბამისად, მათ ეფექტური საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის გზით შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ამომრჩევლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე”, – აცხადებენ “სამართლიან არჩევნებში”.

banner
წინა სტატიაშიპროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გახსნილი საწარმო აზერბაიჯანში ხორცის ნახევარფაბრიკატების ექსპორტს განახორციელებს
შემდეგი სტატიამაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა