მოქალაქეობის საკითხთა კომისია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა

მოქალაქეობის საკითხთა კომისია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადავიდა.

პრეზიდენტის 2017 წლის 26 დეკემბრის ბრძანებულების შესაბამისად, “საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ” დებულებში ცვლილებები 15 იანვრიდან შევიდა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საფუძველია, ოთხის ნაცვლად ექვსი წევრით დაკომპლექტდება და მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს.

“ცვლილებების თანახმად,საქართველოს პრეზიდენტს, გარდა კომისიის თავმჯდომარისა, კომისიაში კიდევ ორი წარმომადგენელი ეყოლება – ერთი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და ერთიც- ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან. ასევე იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა რიცხვი, რომელსაც კომისიაში ერთის ნაცვლად ორი წევრი ეყოლება. რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, ის კომისიის თავმჯდომარე აღარ იქნება და, ამასთან, ორის ნაცვლად მას მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ეყოლება”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, მოცემული ცვლილებები მიმდინარე წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში.

თეა წულუკიანის თქმით, პრეზიდენტის ბრძანებულებაში შეტანილი ზემოხსენებული ცვლილებების ფონზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თავის მხრივ ვალდებულია, საკუთარ ბრძანებაშიც განახორციელოს ცვლილებები, რომლებიც საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდება. იუსტიციის მინისტრის მიერ ინიცირებული ცვლილებები პირველ რიგში ემყარება საქართველოს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, მაგრამ ასევე ითვალისწინებს იმ სიახლეებს, რაც საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარ ბრძანებულებაში ასახა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი ახალი რეალობის პირობებში, 15 იანვრიდან, იმ პირებს, ვისაც საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება სურთ, კვლავ შეეძლებათ განცხადება შეიტანონ ჩვენი სისტემის ტერიტორიულ სამსახურებში – იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში. ამ მხრივ მათთვის არაფერი იცვლება. მაგრამ გასაუბრებასა და სხვა, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ისინი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაივლიან, ვინაიდან 15 იანვრიდან შესაბამის კომისიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს და კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაც პრეზიდენტის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. ჩვენ კი გავაგრძელებთ შემოტანილი განცხადებების შესწავლასა და კომისიისთვის საქმეების მომზადებას, რათა მან სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებები პრეზიდენტის იმავე ბრძანებულების სხვა ნორმებს ეწინააღმდეგება და ასევე შეუსაბამო უნდა იყოს საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, რომლის 24-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს „განიხილავს“ სერვისების განვითარების სააგენტო.

“პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სერვისების განვითარების სააგენტო მოცემული განცხადებების განხილვას ვეღარ გააგრძელებს. „ამიტომაც, ჩვენ გვრჩება მხოლოდ განცხადებებთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევის ფუნქცია, რასაც რასაკვირველია შევასრულებთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანში შემოწმების მიზნით გაჩერებული ავტომანქანის მძღოლი გაიქცა – მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები
შემდეგი სტატიაშსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 1 პირი დააკავა