მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ

პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული ერთ მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს გორში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული 1 254 784 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდებათ.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ილია კაპანაძე და მისი ოჯახის წევრები ფლობდნენ სააქციო საზოგადოების 99% წილს, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა ქ.გორში მდებარე 2159 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით, საერთო ფართობით 998,7 კვ.მ. ასევე აღნიშნულ საწარმოს თანასაკუთრებაში გააჩნდა 407 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული 874 კვ.მ. ფართობის შენობა.
2010 წლის სექტემბრის თვეში, ილია კაპანაძის ოჯახის ქონება პროკურატურის ინტერესის სფეროში მოექცა, რის შემდეგაც ილია კაპანაძის ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი ქ.გორში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში რამდენიმეჯერ დაიბარეს. ყოველ შეხვედრაზე, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მათ საკუთრების დათმობას და ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემას სთხოვდნენ.
განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, 2010 წლის 21 დეკემბერს, დაზარალებულმა ილია კაპანაძემ და მისმა ოჯახის წევრებმა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით, ქ.გორში მდებარე, სააქციო საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულებაც 1 254 784 ლარს შეადგენს, იძულებით, მთლიანად გააჩუქეს სახელმწიფოზე.
გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, დეპარტამენტის მიერ, უძრავი ქონების ჩამორთმევაში მხილებული პროკურორის მიმართ, რომელსაც დატოვებული აქვს პროკურატურის რიგები, გამოყენებულ იქნა დისკრეციული უფლებამოსილება და არ მოხდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. თანამშრომლობის შედეგად გამოძიება გაგრძელდება პროკურატურის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირების მიმართ.
დაზარალებულთა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით კი პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაეგზავნება ქონების განმკარგავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს ილია კაპანაძეს და მისი ოჯახის წევრებს დაუბრუნდეთ ქ.გორში მდებარე, უკანონოდ ჩამორთმეული, 1 254 784 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა.
banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაური: “საქმე გვაქვს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ბაღის გასხვისებასთან”
შემდეგი სტატიააუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა