მოქალაქეებმა ახალი მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის დააფუძნეს.
სოციალური დემოკრატიისთვის წევრების თქმით, მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს და ეფუძნება “ევროპულ მემარცხენე გამოცდილებას”
ამ დროისთვის მოძრაობას 100-ზე მეტი წევრი ჰყავს.
“ჩვენი თანამედროვე ისტორიის ალბათ ყველაზე გამორჩეული ეტაპი დაკავშირებულია საქართველოში სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან, რომელიც შემდეგ პარტიად გადაკეთდა, რომელთანაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი ცვლილება საქართველოში და რაც მთავარია ის მონაპოვარი, რასაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერქვა.
ამიტომ, ჩვენ როცა ერთის მხრივ ვეფუძნებით ევროპულ მემარცხენე გამოცდილებას, ჩვენ ვეფუძნებით წმინდად ქართულ გამოცდილებას, რომელიც თვითონ ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ ქვეყანას აქვს უდიდესი ტრადიცია მემარცხენე პროგრესული სახელმწიფოს მშენებლობის, პროგრესული პოლიტიკური ძალის შექმნისა და განვითარების”. – თქვა ისტორიკოსმა, ირაკლი ირემაძემ.
მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ლორთქიფანიძის თქმით, მოძრაობა იბრძოლებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ “ადამიანურად, ღირსეულად ცხოვრების, საკუთარი უფლებების, სურვილებისა და მისწრაფებების რეალიზების შესაძლებლობა”
“თქვენ ამ საზოგადოებაში გასულ ათწლეულში ხედავდით არაერთ მოძრაობას, რომელიც ხმალამოღებული იბრძოდა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში განათლების ხარისხი და ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო.
ადევნებდით თვალს იმ ძალებს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში იცავდნენ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, ჩვენ სასიცოცხლო გარემოს – თავს დებდნენ იმისთვის, რომ სუფთა ჰაერი, წყალი, მიწა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა ადამიანისთვის.
თქვენ ადევნებდით თვალყურს არაერთი გარიყული ჯგუფის ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის, საკუთარი ადგილის მონიშვნისთვის.
ამ ქვეყანაში, გასული ათწლეულის განმავლობაში ცდილობდა არაერთი მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყანაში ცდილობდა დაემკვიდრებინა სოციალური სამართლიანობა.
დღეს ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ ეს ყველა ძალა უნდა გაერთიანდეს ერთ კალაპოტად, ერთ დინებად, მარტივი მიზეზის გამო – დღეს საქართველო მხოლოდ ევროპის საკითხზე ან დემოკრატიის საკითხზე არ არის ორად გახლეჩილი; დღეს ეს ქვეყანა არის გახლეჩილი ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც.
ჩვენ ერთად ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შევქმნათ ისეთი საზოგადოება და ეს ქვეყანა ვაქციოთ ისეთ საზოგადოებად, სადაც მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არ იქნებიან და ყველას ექნება შესაძლებლობა იცხოვროს ადამიანურად, ღირსეულად, იზრუნოს საკუთარი უფლებების, სურვილების, მისწრაფებეების რეალიზებისთვის.
უკვე ეცოდინება ყველას ამ საზოგადოებაში, რომ გარდა კონსერვატორებისა, გარდა ამ ნეო-ლიბერალებისა და ა.შ. ამ საზოგადოებაში თავისი ადგილი აქვთ მონიშნული მემარცხენეებს და შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად დიდი კოალიცია შეკრან იმისთვის, რომ ქვეყანაში პროგრესი შედგეს”. – თქვა ლევან ლორთქიფანიძემ.