საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ენგურის ხიდის გავლით, რვა არაბის ოკუპირებულ აფხაზეთში შესვლის მცდელობას.
როგორც ანთაძემ თქვა, ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ერაყის მოქალაქეებს. ანთაძის განცხადებით, ისინი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ლეგალურად იმყოფებოდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ უკან დააბრუნეს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია პერიოდულად უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვეთენ საოკუპაციო ხაზს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვქონდა ერაყის მოქალაქეებთან. გააქტიურდა ევროკავშირის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და შედეგად აღნიშნული პირები დაბრუნდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ისინი საქართველოში იმყოფებიან აბსოლუტურად ლეგალურად. ასევე მოგახსენებთ, რომ ცენტრალური ხელისუფლება არ ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე, მაგრამ, როგორც მოგახსენეთ, შედგა კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით და ინციდენტი არის ამოწურული”, – თქვა ირაკლი ანთაძემ.
შეკითხვაზე, რამდენად უწყობს დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადებები ვითარების დესტაბილიზაციას ხელს, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ არ გააკეთებს კომენტარს დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზე. მისივე ცნობით, ცხელი ხაზით წარმოებული კომუნიკაციის შედეგად შესაძლებელი გახდა ერაყის მოქალაქეების უკან დაბრუნება და ისინი საქართველოში იმყოფებიან.