დღეს, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში, 10 კორპუსის წინ, ჩემს 7 წლის შვილსა და 5 წლის დისშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს,- აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას და ფოტოებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,ადგილზე მივედი და იმ ბავშვს ვკითხე, რამდენი წლის იყო. მიპასუხა, რომ 12 წლის იყო. ვთხოვე ეთქვა, სად ცხოვრობდა ან ვინ იყვნენ მისი მშობლები, თუმცა მითხრა, რომ ამას არ მეტყოდა. ამიტომ ვდებ ფოტოს დაფარული სახით, მხოლოდ იმის იმედით, რომ მშობელმა ტანსაცმლით ან სხვა ნიშნით ამოიცნოს საკუთარი შვილი და დამიკავშირდეს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო ან საჯაროდ დავადანაშაულო, მაგრამ მინდა, ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. მშობლებს გთხოვთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენს შვილებს. დღეს დაზარალდნენ ჩემი პატარები, ხვალ შეიძლება სხვისი ბავშვები აღმოჩნდნენ მათ ადგილზე. თუ ვინმე იცნობთ ამ ბავშვს ან მის მშობლებს, გთხოვთ, პირად შეტყობინებაში მომწეროთ. არცერთი ბავშვი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას.”- წერს მოქალაქე მარიამ თვაური ვაზისუბნის ჯგუფში.















