მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული, მასზე ხელი არავის მიუწვდება

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძის პირად საქმეზე ხელი არავის მიუწვდება, მათ შორის, არც ოკუპანტ ქვეყანას.

წულუკიანის განცხადებით, საქართველოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე ცერცვაძის ინტერესების დასაცავად, ნაბიჯები უკვე გადადგმულია.

“სრული პასუხისმგებლიობით შემიძლია გითხრათ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, თითოეული თქვენთაგანის, მათ შორის, მოქალაქე ცერცვაძის პირადი მონაცემები მკაცრად არის დაცული. მასზე ხელი არ მიუწვდება არავის, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევისა. შესაბამისად, არც ერთი პირადი მონაცემი, რომელიც შეიძლება საქართველოს მოქალაქეს, ან თუნდაც უცხოელის შესახებ ჩვენს სისტემაში ინახებოდეს, მასზე მითუმეტეს, ხელი არ მიუწვდება ოკუპანტ ქვეყანას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებულ პროცედურებს, წულუკიანის ინფორმაციით, უკრაინასთან შესაბამისი თანამშრომლობა მიმდინარეობს.

„ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენმა სახელმწიფომ, ისე, რომ ზოგიერთი ხმამაღლა მყვირალი ადამიანის მოწოდება არ გვჭირდება ამისთვის, უკვე განახორციელა ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქის ინტერესები უკრაინის ტერიტორიაზე დაცული იქნეს. ეს არის ის, რაც ამ წუთში შემიძლია გითხრათ. ისევ და ისევ მოქალაქე ცერცვაძის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნებოდა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ მთელი ჩვენი მთავრობის, სამართალდამცველი ბლოკის, რომ რაც შეიძლება თავი შევიკავოთ აჟიოტაჟისგან ამ თემის გარშემო, რადგან ეს არ ემსახურება მოქალაქე ცერცვაძის სასიცოცხლო ინტერესებს. უკრაინასთან თანამშრომლობა მიმდინარეობს და შედეგებს დაველოდოთ“, – განაცხადა წულუკიანმა.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიფოთში მომხდარ ავარიას 19 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკოსტავას ქუჩაზე მანქანის შეჯახების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა