მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები ტარიელ ხეჩიკაშვილს შეხვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს უმასპინძლა. ამის შესახებ ,,თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ასევე მაღალ დონეზე ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ’არმიენტოს – 15:10.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ბაზაძემ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატი იუნიორებში მოიგო, 2014 და 2016 წლებში კი 23-წლამდელებში გაიმარჯვა. ამასთან, ახლახანს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად აგვისტოში ოლიმპიადაზე გამოვა.

პლოვდივში ინდივიდუალური პირველობის დასრულების შემდეგ გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ახალგაზრდული ნაკრების ბიჭებმა ნახევარფინალში ბელარუსს სძლიეს
45:42, მანამდე კი უკრაინა 45:38, ჩემპიონატის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი იტალია კი 45:42 დაამარცხეს. გუნდური შეჯიბრის ფინალი კი რუსეთის ნაკრებთან 38:45 დათმეს.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება
შემდეგი სტატია“კითხვაზე, ნატო თუ რუსეთი, გეტყვით – ნატო, ხოლო ბერძენიშვილი თუ მეჭიაური? ვამბობ – მეჭიაური