მომსახურების სააგენტო 13 686 731 ლარის სანომრე ნიშნების ფირფიტებს ყიდულობს. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი შსს-ს მომსახურების სააგენტომ 2 მარტს გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 29 მარტს დაიწყება და 3 აპრილამდე გაგრძელდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება ჯამში 2 500 000 ცალ სახელმწიფო სანომრე ნიშნების დასამზადებელ ალუმინის ფირფიტებზე, მათ შორის სტანდარტულ, კვადრატულ და დიპლომატიურ სანომრე ნიშნების ფირფიტებზე, ასევე 1600 ცალ შავი ფერის სანომრე ნიშნების დასამზადებელი ალუმინის ფირფიტის შესაფერის თერმოტრანსფერის ფირზე.
ცნობისთვის, სანომრე ნიშნების ფასი 150 ლარიდან იწყება და 10 000 ლარამდე ადის. ფასი სანომრე ნიშნების კომბინაციებზეა დამოკიდებული.
ყველაზე იაფიანი – 150-ლარიანია სანომრე ნიშანი, თუ მისი შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია და ციფრების კომბინაცია არაა ერთნაირი. ხოლო 10 000 ლარი ღირს სანომრე ნიშანი, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრების ან ლათინური ასოების კომბინაციისაგან, მაგალითად, DATO1.

















