მომავალში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავწყვიტოთ უამრავი პოლიტიკური თემა – ვოლსკი რუსეთთან ურთიერთობაზე

აბაშიძე-კარასინის შეხვედრას აფასებენ მმართველ გუნდში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს არ არის ის ფორმატი, სადაც აქტიურად განიხილება ოკუპაციის თემა, რომელზეც ხელისუფლების პოზიცია უკომპრომისოა.

„აბაშიძე კარასინის არხი არ გახლავთ შექმნილი ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. ჩვენი პოზიცია არის უკომპრომისო, შეურიგებელი, ძალიან პრინციპული და ეს იქნება ჩვენი პოზიცია მომავალში, რა განვითარებაც არ უდნა იყოს სხვა სახის ურთიერთობებში, როგორიც არის ტურიზმი, ეკონომიკური ურთიერთობები, ვაჭრობა, რაშიც საქართველოს მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას და გარკვეულ სარგებელს,“ – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეკონომიკისა თუ ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ოკუპაცია აფერხებს. თუმცა, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგი აუცილებელია.

„ეკონომიკის, სოციალური ურთიერთობების გაღრმავება გაფართოება ან ინტესიფიკაცია არის დამოკიდებული ორივე მხარის კეთილ ნებაზე, მაგრამ ყველაფერს ამას ჩარჩოში აქცევს, წითელ ხაზებს ავლებს ოკუპაციის საკითხი, თუმცა ურთიერთობების გაფართოება თუ განმტკიცება, მათ შორის ეკონომიკურის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ მომავალში ასე თუ ისე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავწყვიტოთ უამრავი პოლიტიკური თემა,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიაღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ფესტივალს “შემოდგომის თბილისი” დაესწრნენ