მოლდოვის ვიცე-პრემიერი – მოლდოვა ახალი საფრთხის წინაშე დგას

მოლდოვა ახალი საშიშროების წინაშე დგას, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ აცხადებს.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, პოპესკუს თქმით, მიმდინარე კვირას დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ გარკვეული ძალები დაძაბულობის გამწვავებას ცდილობენ.

პოპესკუს თქმით, მოლდოვის მთავრობა ბოლო დღეებში, ვითარების საშიში გაუარესების მოწმე გახდა მას შემდეგ, რაც თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის შენობას ყუმბარები ესროლეს.

პოპესკუს განცხადებით, ყუმბარმტყორცნებით თავდასხმა წარმოადგენს „რეგიონის ისტორიაში ძალიან საშიშ ახალ მომენტს“. მოლდოვის ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტები მზადყოფნაში არიან.

როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, იზრდება იმის საფრთხე, რომ მოლდოვა დნესტრისპირეთის რეგიონით შესაძლოა, ჩათრეულ იქნას უკრაინის კონფლიქტში. მოლდოვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დნესტრიპირეთის რეგიონს 1992 წლიდან პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. გასულ კვირას რუსმა გენერალმა განაცხადა, რომ სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის მოპოვება დაეხმარება რუსეთს დნესტრისპირეთთან დაკავშირებაში.

„ჩვენი ანალიზი ამ ეტაპზე აჩვენებს, რომ რეგიონში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალებს შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან ვითარების დესტაბილიზაციაში, ეს დნესტრისპირეთის რეგიონს მოწყვლადს ხდის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის რისკებს ქმნის“, – განაცხადა პოპესკუმ და აღნიშნა, რომ მოლდოველების უმრავლესობას, მათ შორის დნესტრისპირეთში მცხოვრებლებს, ომისგან შორს ყოფნა სურთ.

მოლდოვის მთავრობა ვარაუდობს, რომ დნესტრისპირეთში აფეთქებები, შესაძლოა, ყოფილიყო პროვოკაცია ან რეგიონში გარკვეული ძალების დაძაბულობის შედეგი.

„ჩვენ კონკრეტულად ვერ მივუთითებთ ან ვერ დავადანაშაულებთ ვინმეს, თუმცა რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ნამდვილად, რეგიონის შიგნით არიან გარკვეული ძალები, რომლებიც მუშაობენ რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაზე“, – აცხადებს პოპესკუ.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, დნესტრისპირეთის დეფაქტო ხელისუფლებამ გასულ კვირას ბრძოლისუნარიანი ასაკის ყველა მამაკაცს რეგიონის დატოვება აუკრძალა, რაც, მისი თქმით, არის ნიშანი იმისა, რომ „ჩვენ ჯერ კიდევ არ გავსულვართ პოტენციური საშიში ზონიდან“.

banner
წინა სტატიაში23 ათასი ჯარისკაცი, 986 ტანკი, 189 თვითმფრინავი – ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიათიბისის პროგრამა სტარტაპერი მსურველებს სტარტაპ კურსზე იწვევს