მოლდოვის პრემიერ-მინისტრი – შესაძლებლობების ამ ისტორიულ მომენტში მხოლოდ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნება მოლდოვაში „ნაცრისფერი ზონის“ შექმნის შედეგები

ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა, ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მომენტი. ჩვენ არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება შემდეგი ისტორიული შესაძლებლობა, – ამის შესახებ განცხადება მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

„დავიწყებ იმით, რომ მე ვიყავი ჩემს პირველ სამსახურში და ბევრად ახალგაზრდა, როდესაც თესალონიკის დღის წესრიგი შედგა. მოლდოვა მაშინ განიხილებოდა პოტენციურ კანდიდატ ქვეყნად. ჩვენ მაშინ შესაძლებლობების ეს ფანჯარა გამოვტოვეთ. ჩვენ არ გვყავდა მთავრობა, რომელიც ისურვებდა ამ მიმართულებით წასვლას. ჩემმა თაობამ დაკარგა თავისი ახალგაზრდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და ევროპული ინტეგრაციის იმედის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა. როგორც თქვით, ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მომენტი. ჩვენ არ ვიცით, კიდევ როდის გაჩნდება შემდეგი ისტორიული შესაძლებლობა. მოხდა ისე, რომ ეს ხდება ჩვენი ხალხისთვის ძალიან რთულ პერიოდში“, – განაცხადა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მოლდოვა ეკონომიკურად ძლიერ დაზარალდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უსამართლო ომის შედეგად.

„ჩვენ 275-პროცენტიანი ინფლაცია გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ ინფლაცია არის პრობლემა ევროპული ქვეყნების უმეტესობისთვის, თუმცა ჩვენ ვართ უფრო ღარიბები და მნიშვნელოვნად დავზარალდით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია ლტოლვილების მისაღებად. მიღებული ლტოლვილების მაჩვენებელი ჩვენი მოსახლეობის 3,5 პროცენტს უდრის და მოსახლეობის 85 პროცენტი მზადყოფნას გამოთქვამს მეტი ლტოლვილის მისაღებად ამ ღირებულებების გამო, რადგან გვჯერა, რომ ახლა არის დაპირისპირება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპულ ღირებულებებსა და ავტოკრატიის, დიქტატურის ღირებულებებს შორის. ასე რომ, ჩვენ არ გვინდა შესაძლებლობების ამ ფანჯრის გამოტოვება“, – აღნიშნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ თუ დარჩებიან რეფორმების გზაზე, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს კონტექსტი, მათ მიიღებენ ევროპული ქვეყნების ოჯახში.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ამას დასჭირდება დრო, ჩვენ შესასრულებელი გვაქვს საშინაო სამუშაო, თუცა კანდიდატის სტატუსს და ინტეგრაციის მექანიზმს აქვს ყველა საჭირო ელემენტი პროცესის შენელებისთვის, უკუსვლისთვის, თუ არ იქნება პროგრესი რეფორმებში. მე შევეკამათებოდი იმას, რაც ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა. შესაძლებლობების ამ ისტორიულ მომენტში მხოლოდ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ექნება მოლდოვაში „ნაცრისფერი ზონის“ შექმნის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დნესტრისპირეთის რეგიონი, ეს 30 წლის განმავლობაში არის გაყინული კონფლიქტი, ჩვენ ამ ტერიტორიაზე უკანონოდ განთავსებული რუსული ძალები გვყავს, თუმცა მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაწარმოებთ დისკუსიებს მოლაპარაკებების ყველა შესაძლო ფორმატში. ჩვენ გვაქვს ფორმატი, სადაც წარმოდგენილნი არიან რუსები და უკრაინელები და რა თქმა უნდა, ის არ არის ფუნქციური. ჩვენ გვაქვს შიდა პროცესები, განვიხილავთ სიტუაციის სტაბილურობის უზრუნველყოფას, რომ არ მოხდეს დაუცველობის მოლდოვის სხვა ტერიტორიაზე გავრცელება. ჩვენ ვიცით, რომ ინტეგრაციის პროცესზე, კონფლიქტის დარეგულირებაზე პარტნიორების მხარდაჭერით უნდა ვიმუშაოთ. თუმცა, კვლავ – იქნება თუ არა ევროკავშირი სტაბილურობის ექსპორტიორი? შეიტანს თუ არა წვლილს ევროკავშირი სიტუაციის დარეგულირებაში? დაეხმარება თუ არა ევროკავშირი რეფორმების გზაზე სვლაში და მათ შეუქცევადად გადაქცევაში? დაეხმარება თუ არა ევროკავშირი ამ ქვეყნებს იმის გაგებაში, რომ თუ ისინი საშინაო სამუშაოს შეასრულებენ, თუ იქნება პროგრესი, მათ მიიღებენ ევროპულ ოჯახში?“, – დასძინა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – კობახიძემ რომ გააკეთა, ასეთი განცხადებები კეთდება ვენესუელაში და სირიაში, სხვა ასეთი ღიად ანტიამერიკული განცხადებები რუსეთს თუ არ ჩავთვლით, სხვაგან არ მომისმენია
შემდეგი სტატიაწულუკიანი – დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის